Facebook Twitter

საქმე # 010310016001288540

საქმე Nბს-880-876(კ-17) 5 ივნისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 14 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „...-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „...-ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 305 775 ლარის და 6850.137 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტური ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის - შპს „...“-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის წესის დაცვით გადეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - შპს „...“-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 30 577.50 ლარის გადახდა; მოპასუხე -შპს „...“-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასრგებლოდ დაეკისრა 6850.137 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტური ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილი და უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და გონივრულად არ ჩათვალა სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, არ შეაფასა ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმებული პირობები და მისი დარღვევის ხასიათი. კასატორი მიუთითებს, რომ უდავოა ხელშეკრულების მონაწილე პირებმა ხელშეკრულების დადებისას კანონის ფარგლებში თვითონ განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი და დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პრობაზე. ხელშეკრულების ძალით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებმა, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება. კასატორმა შპს „...“ -ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად, პირობადადებულ საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ..., ... მიმდებარედ 12730 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხება შპს „...-ის“ საკუთრებად.

კასატორი მიუთითებს, რომ მყიდველი ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულია: დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს მყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2014 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლოატაციაში შეიყვანოს სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის, მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები, 2014 წლის 1 აგვისტომდე დაასრულოს კარკასისი მშენებლობა და 2014 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლოატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 50 ნომრიანი სასტუმრო, პროექტის განხორციელების მზინით მოახდინოს არანაკლეებ 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის ინვენსტირება, სპორტული კომპლექსისა და სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 25 საქართველოს მოქალაქე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს“ მოთხოვნისთანავე.

კასატორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სამინისტრო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას უკავშირებს ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, 3.2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ , „დ“ ქვეპუნქტების და 4.1 პუნქტის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას და მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას სულ - 305775 ლარის და 6850.137 აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტური ლარის ოდენობით. სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებისა არის მყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის თანაზომიერი, რაც ასევე მყიდველისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმებისას. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენიბინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, აღნიშნული მუხლი მართალია სასამართლოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტლება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების მხარეების ნების გამოვლენის ნამდვილობა და ის ფაქტი, რომ მყიდველს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეთანხმება და გადაწყვეტილების დროს აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონის ისეთი ნორმა, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მეორე ინსტანციის სასამართლომ, დავის კანონიერად გადასწყვეტად სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მასედ მინიჭებული უფლებამოსილება. პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს შუძლია საქმის გარემოებათა გათვალისიწნებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმა სასამართლოს დავის საგნის განხილვის დროს არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ნორმის გამოყენებით სასამართლომ უხეშად დააღვია მხარეთა საპროცსო უფლებები. კასატორი აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც ნებისმიერი პირის უფლებები ირღვევა, მას უფლება აქვს საქმის წარმოება სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით დაიწყონ. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლოში საქმის დაწყების შემდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვთ. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადსტურებული ეს ფაქტები. კანონით განსაზღვრულია, რომ მხარეები თანაბაი უფლებებით სარგებლობენ და თუ რომელიმე მხარის უფლებები დაირღვა და სადავო გახდა ისევ მათზეა დამოკიდებული რა ფაქტობრივი გარემოებებით დაასაბუთებენ მოთხოვნასა თუ შესაგებელს.

კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მხარეთა შეთანხმებული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ამოქმედება, კერძოდ პირგასამტეხლოს დაკისრება. ხელშეკრულების მონაწილე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე როგორც ხელშეკრულების დადებისას ასევე ხელშეკრულების გაქუმების შემდეგაც ეთანხმებოდა მხარეთა შეთანხმებას და ხელშეკრულებაში გაწერას რასაც ორივე მხარე თავინათი ხელწერებით ადასტურებს და აღიარებს. სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს დავის ფარგლებს და დავა უნდა განიხილოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418 და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების სახის, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში განახორციელა სასამართლომ. შესაბამისად საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენიას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე შუამდგომლობის გარეშე შემცირებასთა დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე