Facebook Twitter

საქმე # 330310016001498482

საქმე Nბს-727-723(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-ემ 2016 წლის 9 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, სიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 24 აგვისტოს №109-4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მას მიენიჭება ვეტერანის სტატუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, მართალია სასამართლომ, გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, კასატორის განმარტებით, ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ მან მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში, ვინაიდან მის მიერ ამის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის ამგვარ შეფასებას და აღნიშნავს, რომ არც კანონში და არც კანონქვემდებარე აქტში არსად არ არის მითითებული, რომ სავალდებულოა ყველა დოკუმენტის წარდგენა. კასატორის მოსაზრებით, კანონი ასევე მიუთითებს, რომ წარდგენილ უნდა იყოს სხვა შესაძლო დოკუმენტები, რაც დაადასტურებს მოხალისე პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. ასეთი სახის მტკიცებულებად წარდგენილია აკ. ბ-ისა და დ. ბ-ის 18.03.2016 და 06.10.2016 წლის სანოტარო აქტები, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული პიროვნებები იბრძოდნენ კასატორთან ერთად, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.

კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 1990-1992 წლებში სოფლებში შექმნილ მოხალისეთა ასეულს მეთაურობდა თ. ბ-ე და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანების სტატუსის მაძიებელი ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ თ. ბ-ის ასეულში შემავალ ცალკეულ პირებზე დადასტურებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მიენიჭათ ვეტერანის სტატუსი, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და არ გამოუკვლევია, თუ რის საფუძველზე იქნა ასეთი განსხვავება ერთსა და იმავე ასეულის შემადგენლობაში შემავალი მოხალისეების მიმართ, რომლებიც ერთსა და იმავე პერიოდში, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და არ გააჩნდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება საბრძოლო მოკვლევის გარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების შესახებ საბრძოლო მოკვლევის აქტის (2013 წლის 03.07) თანახმად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე სოფელ ... მუდმივად მაცხოვრებლებმა, საბრძოლო მოქმედებების შტაბის წევრებმა - გ. ც-მა, ასეულის მეთაურმა - თ. ბ-ემ და რიგითმა მებრძოლმა - გ. ნ-მა შეადგინეს აქტი მასზედ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ... მუდმივად მცხოვრები ა. ბ-ე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1990-1992 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, მიღებული აქვს მონაწილეობა სოფლებთან: ო-თან, დ-თან, კ-თან და ს-თან წარმოებულ ბროლებში. იგი რეგულარულად ეწეოდა საგუშაგო-საპატრულო მორიგეობას და ასრულებდა მეთაურის სხვადასხვა ბრძანებებსა და დავალებებს; გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო დისციპლინითა და პასუხისმგებლობით. ანალოგიური შინაარსის მატარებელია თ. ბ-ის ასეულის მებრძოლების - რ. ბ-ისა და აკ. ბ-ის მიერ გაცემული ინფორმაცია თ. ბ-ესთან დაკავშირებით. ... ს/ამბულატორიის დირექტორის 2013 წლის 8 ნოემბრის N15 ცნობის თანახმად, 2008 წლის გაზაფხულზე სოფ. ... ს/ამბულატორიას მიმართა ამავე სოფლის მცხოვრებმა ა. ბ-ემ. შემოწმებისას მას დაუდგინდა ვეგეტონევროზი (გართულებული), რომელიც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობთ. მას დაენიშნა ხანგრძლივი მკურნალობა. ცნობა გაიცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში წარსადგენად.

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ბ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი ვერ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, მის სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება საბრძოლო მოკვლევის აქტს, იგი წარმოადგენს კომისიისათვის წარსადგენ ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც პირს უნდა მიენიჭოს ვეტერანის სტატუსი. გარდა ამისა, არც ... ს/ამბულატორიის დირექტორის მიერ 2013 წლის 8 ნოემბერს გაცემული ცნობა არ წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისას ტრავმის მიღების ფაქტობრივი გარემოება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე