საქმე # 330310015001168374
საქმე Nბს-796-792(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ლ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ლ-მა 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: 1) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია თუ როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნდა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის (მ. ღ-ი) 2003 წლის 12 მარტით დათარიღებულ წერილში მოხსენიებულ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქალაქო სამსახურს, ვის მიერ არის იგი შექმნილი და დაფუძნებული, ვის მიერ არის დანიშნული აღნიშნული სამსახურის დირექტორი და მისი მოოადგილე და 2003 წლის 12 მარტის მდგომარეობით ვინ იყვნენ და ვინ არის დღეის მდგომარეობით აღნიშნული ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე; 2) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია თუ როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნდა (სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის (პ. ი-ის) 2010 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში მოხსენიებულ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ჯანდაცვის სამხარეო ცენტრს. ვის მიერ არის იგი შექმნილი და დაფუძნებული, ვის მიერ არის დანიშნული აღნიშნული ცენტრის დირექტორი და მისი მოოადგილე და 2010 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ვინ იყვნენ და ვინ არის დღეის მდგომარეობით აღნიშნული ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე; 3) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრი 2000, 2001, 2002 და 2003 წლებში რომელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ურთიერთობდა ქ. რუსთავში და ქვემო ქართლის რეგიონში, რომელი სახელწოდების საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ახდენდა სახელმწიფო და მუნიციპალუტი პროგრამების მართვა-კოორდინაციას და რომელი სახელწოდების ცენტრის მეშვეობით ახდენდა ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციების მართვის განხორციელებას; მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა აღნიშნული ცენტრი და დღეის მდგომარეობით, როგორი სამართლებრივი ფორმა აქვს მას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია თუ როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნდა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის (მ. ღ-ი) 2003 წლის 12 მარტით დათარიღებულ წერილში მოხსენიებულ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქალაქო სამსახურს, დაფუძნებულია თუ არა ეს ცენტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ასევე გასცეს ინფორმაცია წლების მიხედვით ვინ იყვნენ და ამჟამად ვინ არის სამსახურის დირექტორი (უფროსი), მოადგილეები; დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია თუ როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნდა (სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის (პ. ი-ის) 2010 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში მოხსენიებულ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ჯანდაცვის სამხარეო ცენტრს, ასევე გასცეს ინფორმაცია წლების მიხედვით ვინ იყვნენ და ამჟამად ვინ არის სამსახურის დირექტორი (უფროსი), მოადგილეები; დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტ. ლ-ზე გასცეს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2000-2003 წლებში შექმნილი იყო თუ არა ტერიტორიული ორგანო ქ. რუსთავში და ქვემო ქართლში სახელმწიფო პროგრამების მართვა-კოორდინაციის, ეპიდზედამხედველობის, ეპიდსიტუაციების მართვის მიზნით, ასევე გასცეს ინფორმაცია აღნიშნული მიზნით სამინისტროს მიერ შექმნილია თუ არა დღეის მდგომარეობით რაიმე სამსახური; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის მე-10 მუხლი ასევე განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის საქვეყნოობას თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. კასატორის მოსაზრებით სამინისტრომ 2015 წლის 11 დეკემბრის №01/959118 წერილით ამომწურავად გასცა პასუხი ტ. ლ-ს მის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმის შესახებ, რომ წერილში მოხსენიებულ ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის შესახებ ინფორმაციები სამინისტროს არ გააჩნია, ხოლო სახელმწიფო პროგრამების მართვა კოორდინაციას ახდენდა სსიპ „ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ საშუალებით, რომელიც მოხსენიებულია 2003 წლის 12 მარტის წერილში. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრის დირექტორის შესახებ ინფორმაციას ტ. ლ-ი არ ითხოვდა, მისი მოთხოვნა იყო საქალაქო სამსახურის დირექტორების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. რაც შეეხება ტერიტორიულ ორგანოებს აღნიშნულის შესახებ განემარტა, რომ ქალაქებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საქალაქო სამსახურები იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სამინისტროს ინფორმაციის გაცემაზე უარი არ ითქვამს, მან გასცა მხოლოდ მასთან დაცული ინფორმაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ ისე რომ არ გამოიკვლია წარმოადგენდა თუ არა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ისე დაავალა ქმედების განხორციელება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნილი ინფორმაციის სამინისტროში არ არსებობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შებამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ტ. ლ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემა მოითხოვდა მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზოგადი დამინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილი წესით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაახარისხოს უკვე დამუშავებული მონაცემი წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად და გასცეს იგი ზუსტად იმ ფორმითა და შინაარსით, როგორადაც მას ირჩევს საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე