საქმე #010310015001122796
საქმე Nბს-868-864(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 2015 წლის 30 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს №DIS150021261-01 და №DIS150021334-01 გადაწყვეტილებების გაუქმება; ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის გამგეობის დავალდებულება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ... და ... გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, შპს „...“, როგორც გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავალდებულება, შპს „...“ (ს.კ. ...) შავ სიაში მოხვედრის კანდიდატად გადაწყვეტილების მიღების შეჩერების თაობაზე, დავის განხილვის პერიოდით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს „...“ დირექტორის გ. ბ-ას სარჩელი მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შპს „...“ დისკვალიფიკაციის ნაწილში; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს DIS150021261-01 და DIS150021334 -01 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება შპს „...“ დისკვალიფიკაციის ნაწილში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს DIS150021261-01 და DIS150021334-01 გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დავების განხილვის საბჭოში სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრების საშუალებას, აღნიშნული საშუალებაც მხარის მიერ არ იქნა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე სატენდერო წინადადების წარდგენით დაეთანხმა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სატენდერო კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს №2 ოქმებით (ორივე ტენდერის შემთხვევაში) შპს „...“ ეთხოვა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა და მიწვეულ იქნა ხელშეკრულების დასადებად. სატენდერო კომისიის ამავე ოქმებით შპს „...“ განემარტა, რომ მის მიერ კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვებზე მითითებული ფასი აღემატებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ზღვრულ სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას და ამავე ოქმებით პრეტენდენტს დაევალა, რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისას გაეთვალისწინებინა აღნიშნული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 7 აგვისტოს №05/1994 07 და №05/1993 დაზუსტების წერილებში მითითებული ჩანაწერების თანახმად, პრეტენდენტს განემარტა, რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება უნდა მომხდარიყო N2 სხდომის ოქმებში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. აპელანტის მოსაზრებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პრეტენდენტი დაეთანხმა სატენდერო კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს №2 ოქმებში მითითებულ შენიშვნებს, ვინაიდან შპს „...“ დაზუსტებისათვის დადგენილ ვადაში წარადგინა არასრულყოფილად დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვები, რომელიც არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციას. ამდენად, კასატორის მიუთითებს, რომ პრეტენდენტის დიკვალიფიკაცია განხორციელდა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-12 მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. რამდენადაც, საქმეზე დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ შპს „...“ მიერ ადგილი არ ჰქონია სადავო პერიოდში მოქმედი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გთვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრულ ვადაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ჯამმა შედაგინა 106 278 ლარი, რაც ერთიანობაში არ აღემატება არც სატენდერო დოკუმენტებით მოცემულ, ელექტრონული შესყიდვის სავარაუდო ფასს, ყველა ობიექტის სამუშაოების ღირებულების ჯამს, ანუ კრებსით ხარჯთაღრიცხვას, რაც შეადგენდა 112 845 ლარს და არც პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ თანხას, 110 281 ლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტის - შპს „...“ დისკვალიფიკაცი საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/ნ 204428510) დაუბრუნდეს 10.08.2017 წლის №02276 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე