საქმე # 080310016001598667
საქმეNბს-874-870(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ს-ემ 2016 წლის 9 ნოემბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №04-06/12288 მიმართვის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა რომლითაც გ. ს-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გ. ს-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2014 წლის 12 დეკემბრიდან დანიშვნისა და ანაზღაურების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №04-06/12288 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ს-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ. ს-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნება 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან, რის საფუძველზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2006 წლის 10 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება N46/ნ "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" და აღნიშნული სამართლებრივი აქტი, ასევე არეგულირებს სადავო საკითხებს. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონის მიხედვით, განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის N01–31/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების" დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, არსებულ 22–ე მუხლის მე–3 პუნქტს დაემატა 32 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, აღნიშნულის მიხედვით პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკს ამ კანონით განსაზღვრული მუშაობის 20 წლის სტაჟში, ასევე ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების" დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების, ასევე გრიგოლ სანდუხაძის 2016 წლის 25 ივლისის N14483 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე პროკურატურის სისტემაში მუშაობის სტაჟის, რომელიც შეადგენდა 18 წელსა და 5 თვეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის 2 წელი და 10 თვე საერთო სტაჟის ოდენობის მიხედვით შეადგინა 21 წელი, 3 თვე და 24 დღე, შესაბამისად, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 2016 წლის 1 აგვისტოდან განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან გ. ს-ეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი ) თეთრის ოდენობით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, სრულად არ გამოიყენა, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესში“ შეტანილი ცვლილები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და შესაბამისად, დარღვეულია სამართლის ნორმები, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ გ. ს-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ნამსახურობის ნუსხის მიხედვით არ გააჩნია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნამსახურობის ოცწლიანი სტაჟი, პროკურატურის ორგანოებში მისი ნამსახურობა შეადგენს 18 წელს 5 თვეს და 24 დღეს. რაც შეეხება კომპენსაციაზე უფლების მოსაპოვებლად ნამსახურობის სტაჟში საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდს ოცწლიანი სტაჟის ზემოთ მითითებული პერიოდით შევსება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკისათვის განსაზღვრულ ოცწლიან სტაჟში სწავლის პერიოდის ჩათვლას არ ითვალისწინებს. ამასთან ოცწლიანი მუშაობის სტაჟში ითვლება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სიტემაში მუშაობის პერიოდი და არა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. განსახილველ შემთხვევაში, გ. ს-ის საკუთრების უფლება ვლინდება მოთხოვნის უფლებაზე, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია პროკურატურის ორგანოებში მუშაობის 20 წლიანი სტაჟის გამო, რაშიც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ამავე მუხლის მე- 2 პუნქტში ჩამოთვლი ორგანოების გარდა შედის ამავე კანონის მე-8 მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილი ორგანოები და მათ შორის არის ნამსახურობა სამხედრო სამსახურში. სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას. ასევე საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. რაც შეეხება 2016 წლის 28 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების 22-ე მუხლს დაემატა 32 პუნქტი - პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ამ კანონით განსაზღვრული მუშაობის 20 წლის სტაჟში, ასევე ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესით მოწესრიგდა კონკრეტულად პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკის სტაჟის გამოთვლის წესი.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მოცემულ ,,წესში“ განხორციელებული ცვლილება წარმოადგენს პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების დაზუსტებას და არა ახალი რეგულაციის შემოტანას, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ ცვლილებაზე მითითებით.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე