საქმე #010310015001081094
საქმე Nბს-877-873(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: მ. გ-ი, თ. ფ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
მესამე პირი - სს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა და თ. ფ-ამ 2015 წლის 2 სექტემბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელეებმა მოპასუხეთა წრისა და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილების (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს N204047 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ) ბათილად ცნობა; ამავე სარჩელით მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. N18-ში მდებარე უძრავი ქონების ჩანაწერებში შეიტანოს ცვლილებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ისა და თ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა და თ. ფ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ისა და თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა და თ. ფ-ამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ სესხისა და იპითეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნების გარანტად იპოთეკით იქნა დატვირთული მ. გ-ის საკუთრებაში არსებული ქონების 5/6 წილი. სარეგისტრაციო სამსახურმა კი მის მიერ შესწორებული და გაცემული ამონაწერის თანახმად, მ. გ-ის მთელს ქონებაზე მიაქცია იპოთეკა, რითაც მისი კანონიერი უფლებები იქნა დარღვეული. მოქმედი კანონმდებლობით სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში რალიზაცია უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების და თუ იგი არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შეიძლება სხვა ქონებაზეც მიექცეს აღსრულება თუ ასეთი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამდენად, რეესტრის მიერ გაკეთებული არასწორი ჩანაწერით რეალიზაცია მოხდა არა იპოთეკით დატვირთული 5/6 წილისა, არამედ მ. გ-ის საკუთრებაში არსებული მთლიანი ქონების. კასტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს იპოთეკით დატვირთოს ქონების ნაწილი და არა მთლიანი ქონება. ამდენად მ. გ-ის სურვილი რომ ყოფილიყო მთლიანი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მაშინ ხელშეკრულებაში მიუთითებდა, რომ იპოთეკით იტვირთება მის საკუთრებაში არსებული ქონება და არა 5/6 წილის ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ისა და თ. ფ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შებამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ისა და თ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც საჯარო რეესტრის ჩანაწერში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. N18 (ს/კ N...), იპოთეკის გრაფაში მითითებული იქნა „მიწის ნაკვეთი 355 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა“. 2015 წლის 26 ივნისს მ. გ-მა და თ. ფ-ამ განცხადებით მიმართეს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვეს. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მ. გ-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის 5/6 ნაწილი, ხოლო 2015 წლის 5 თებერვალს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში იპოთეკის საგნად დაფიქსირებული იყო მიწის ნაკვეთი - 355 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რაც არასწორი იყო და უნდა გასწორებულიყო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა N... გადაწყვეტილება „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე.
კასატორის მტკიცებით, 2007 წლის 28 თებერვალს სს „...“ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 5/6 ნაწილი, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. N18, ხოლო საჯარო რეესტრის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს მომზადებულ ამონაწერში კი იპოთეკის საგნად მიეთითა მიწის ნაკვეთი 355 კვ.მ მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რაც უნდა გასწორებულიყო.
საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული იყო მ. გ-ის საკუთრებაში არსებული მთლიანი ქონება, რამდენადაც მითითებული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ერთ უძრავ ქონებას, შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ერთი უფლების ობიექტს ერთი საკადასტრო კოდით (ს/კ N...), რომელიც სს „...“ შეიძინა 2015 წლის 23 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ისა და თ. ფ-ა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება;
3. კასატორს - თ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 01.11.17წ. №14623198 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე