საქმე # 080310016001383670
საქმე Nბს-883-879(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ფ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივილუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ფ-ემ 2016 წლის 3 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 აპრილის №31415 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც განუხილველი დარჩა თ. ფ-ის წარმომადგენლის - ი. ფ-ის 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადება ქალაქ წყალტუბოში, ... ქუჩა, სახლი №..., ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დავალება განიხილოს თ. ფ-ის მიერ წარდგენილი განცხადება - უძრავი ქონების მდებარე, წყალტუბო, ... ქ. №...-ში თ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 აპრილის №31415 ბრძანება, რომლითაც განუხილველი დარჩა თ. ფ-ის წარმომადგენლის - ი. ფ-ის 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადება ქალაქ წყალტუბოში, ... ქუჩა, სახლი №..., ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის №31/316 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ თ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შესწავლილი იქნა საკითხი და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომლითაც განუხილველად დარჩა განცხადება ქალაქ წყალტუბოში, ... ქუჩა, სახლი №..., ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ. ფ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა, რომ თ. ფ-ის წარმომადგენლის- ი. ფ-ის განმარტებით იმ ოთახის გასაღები, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვდა თ. ფ-ე, მასთან არ ინახებოდა და ბინა დაკეტილი იყო. სატელეფონო აქტის საფუძველზე თ. ფ-ის მიერ დადასტურდა, რომ არ ჰქონდა ბინის გასაღები, შესაბამისად, ვერ მოხერხდა წარდგენილი ნახაზის შეთანხმება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან, შემდგომ დამოწმების მიზნით.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის მოთხოვნით შედგენილ განცხადებაზე თანდართული შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმდეს თვითმმართველობის ორგანოს მიერ. ამავე დადგენილების თანახმად, საცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზი არის საკუთრების მოწმობის შემადგენელი ნაწილი. ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს გაცემული დოკუმენტისა და საპრივატიზაციო ფართის ფლობის ფაქტის არსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გამგებლის წარმომადგენლის N69/19 ცნობით ირკვევა, რომ თ. ფ-ე 1989 წლიდან 2007 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ... ქუჩის N...-ში. შესაბამისად დგინდება, რომ თ. ფ-ე დღეის მდგომარეობით არ ფლობს (არ სარგებლობს) ბინით, მით უმეტეს ოთახის გასაღები მასთან არ ინახება და აღნიშნული შემთხვევა არ გულისხმობს შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით თავისი ნებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის სრული დაცვით არის გამოცემული თ. ფ-ის წარმომადგენლის ი. ფ-ის 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 21 ნოემბერს თ. ფ-ის სახელზე გამოსცა ორდერი №014684, რომლითაც მას უფლება მიეცა დაიკავოს ერთი ოთახი ქ. წყალტუბოში, ... ქუჩა, სახლი №..., ოთახი №9, სართული პირველი, ფართით 16 კვ. მეტრი. ოჯახის შემადგენლობაში არიან: თავად თ. ფ-ე, მეუღლე - ტ. ფ-ე და ვაჟი - გ. ფ-ე. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 თებერვალს თ. ფ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და
მოითხოვა პრივატიზაცია უძრავი ქონებისა მდებარე წყალტუბოს, ... ქუჩა (ყოფილი ... ქუჩა) №..., ოთახი №9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ფ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, თუმცა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის განხორციელების მიზნით შექმნილმა კომისიამ განცხადება განუხილველი დატოვა მხოლოდ ერთი საფუძვლით - ვერ მოხერხდა საცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეთანხმება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ვინაიდან თ. ფ-ის წარმომადგენლის - ი. ფ-ის განმარტებით ოთახის გასაღები მასთან არ ინახებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დამატებით განესაზღვრა ვადა დაინტერესებული პირისათვის და მიეცა შესაძლებლობა წარედგენა სხვა მტკიცებულებები, რაც შესაძლებელს გახდიდა აზომვითი ნახაზის გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, განმცხადებლის ხელთ არსებული და დამატებით მოძიებული დოკუმენტების, ასევე სადავო ბინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა განმარტებების მოსმენის შედეგად, უნდა დაადგინოს სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლე. უნდა დაადგინოს ყველა დაინტერესებული პირი და ჩააბას ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში, მისცეს მათ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე