Facebook Twitter

საქმე #080370016001371768

საქმე Nბს-895-891(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ. „ტ. ჭ-ე“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა, ჯარიმის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ჭ-ემ 2016 წლის 24 მაისს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ 2015 წლის 18 მაისის №081343 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2015 წლის 29 ივლისის №081389 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ „ტ. ჭ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 18 მაისის №081343 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 29 ივლისის №081389 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; შუამდგომლობა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისს მოწოდებული ინფორმაციითა და მასალებით ირკვევა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ი.მ „ტ. ჭ-ის“ (ს/ნ ...) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 30 სექტემბრის №081-966 ბრძანება (ჩაბარდა გადამხდელს ხელზე 2014 წლის 1 ოქტომბერს). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 22 ოქტომბერს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა ი.მ „ტ. ჭ-ის“ (ს/ნ ...) უძრავ-მოძრავი ქონება. აღწერილი ქონების შეფასების მიზნით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის N21-05/83442 მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზა. აღნიშნული მიმართვის პასუხად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია 2015 წლის 7 მაისის N500233515 წერილი, სადაც განმარტებულია რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ვერ ხერხდება სასაქონლო ექსპერტის დაშვება გამოსაკვლევ ობიექტზე - ქონების შესწავლა/დასურათების მიზნით, რის გამოც ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხზე დასკვნის შედგენა შეუძლებელია.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ე“ პუნქტი გულისხმობს გადამხდელის ვალდებულებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ასევე საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ „ტ. ჭ-ის“ (ს/ნ ...) მიმართ შედგენილ იქნა 2015 წლის 18 მაისის №081343 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია - 800 ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 ივლისის N21-05/71689 მიმართვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლავ ეთხოვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბრის აქტის პირველ პოზიციაზე მითითებული უძრავი ქონების შეფასება.

აღნიშნული მიმართვის პასუხად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 23 ივლისის N5003664515 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ უძრავი ქონების ობიექტის შესწავლისა და დასურათების მიზნით 2015 წლის 22 ივლისს სასაქონლო ექსპერტი გამოცხადდა შესაფასებელ ობიექტთან, სადაც ქონების მესაკუთრის მიერ ვერ მოხერხდა გამოსაკვლევ ობიექტზე შესვლის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვერ იქნა განსაზღვრული შეფასების ობიექტის ფიზიკური მახასიათებლები, რის გარეშეც ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხზე დასკვნის შედგენა შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ „ტ. ჭ-ის“ (ს/ნ ...) მიმართ ხელმეორედ შედგენილ იქნა 2015 წლის 29 ივლისის N081389 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - 2000 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, (როგორც მოქმედება ასევე უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით დაყადაღებული ქონების მესაკუთრის, ი.მ. „ტ. ჭ-ის“ მიერ არაერთგზის არ განხორციელდა გამოსაკვლევ ობიექტზე შესვლის უზრუნველყოფა, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას.

კასატორი არ იზიარებს, სასამართლოს მსჯელობას საგადასახადო კოდექსის 277–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით, რადგან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოქმედებდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და ვინაიდან ი.მ. „ტ. ჭ-ის“ მიერ არაერთგზის არ განხორციელდა გამოსაკვლევ ობიექტზე შესვლის უზრუნველყოფა ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება.

კასატორის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება ი.მ. „ტ. ჭ-ის“ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ ის აღიარებდა არსებულ საგადასახადო დავალიანებას. ამ პერიოდისათვის კი ორივე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უკვე შედგენილი იყო და ცნობილი იყო გადამხდელისათვის, რაც არ იქნა გაზიარებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ი/მ „ტ. ჭ-ის“ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის საქმის მასალები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ი.მ. „ტ. ჭ-ეს“ ჩაბარებული ჰქონდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები უფრო ადრე ვიდრე სარჩელში უთითებდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას სხვა მასალებთან ერთად თან ახლდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №081343, რომელიც ი/მ „ტ. ჭ-ეს“ ჩაბარდა 2015 წლის 25 მაისს.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ ვერ გაითვალისწინებდა არგუმენტაციას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რეალიზაციის შუამდგომლობის განხილვის პროცესში ტ. ჭ-ეზე სადავო ოქმების ჩაბარების თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ტ. ჭ-ეს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის შუადგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, რაც ჩაბარდა ადრესატს 2015 წლის 25 ივნისს, თუმცა გზავნილში არ არის აღნიშვნა დანართის შესახებ, რაც კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო თავად გამოეთხოვა შესაბამისი მასალები სასამართლოდან ან დაევალებინა მხარეთათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რასაც ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 18 მაისს ი/მ „ტ. ჭ-ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №081343 საქართველოს სკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მეწარმე დაჯარიმდა 800 ლარით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივლისს ი/მ ტ. ჭ-ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №081389 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და მეწარმე დაჯარიმდა 2000 ლარით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოება - ი.მ „ტ. ჭ-ის“ მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება მათი გამოცემისათვის დადგენილ შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების საფუძველზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელისათვის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - 2015 წლის 18 მაისის №081343 და 2015 წლის 29 ივლისის №081389 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული სადავო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე