Facebook Twitter

საქმე #330310016001509993

საქმე Nბს-916-912(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. ზ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ზ-მა 2016 წლის 19 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 14 ივლისის №CB672714 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 აგვისტოს №24926 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 14 ივლისის №CB672714 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 აგვისტოს №24926 ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ საქონელი მოპოვებულია არასამეწარმეო მიზნებისთვის, სსიპ შემოსავლების სამსახური ეჭქვეშ არ აყენებს მასალის წარმოშობის დოკუმენტების ნამდვილობას, თუმცა მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არასამეწარმეო მიზნებით მოპოვებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას, რაც ქმნის საგადასახადო სამართალდარღვევის მოცემულობას და გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

კასატორის მოსაზრებით მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს რამდენად ჰქონდა ადგილი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას მტკიცებულებათა კუმულაციურად შეფასების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მეწარმე სუბიექტი, რომელიც აქტიურად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია მის მიერ განხორციელებული, რომელზედაც საგადასახადო ორგანოს შესაძლოა ჰქონდეს ინტერესი, დაადასტუროს დოკუმენტურად, თუ ქმედების შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოიშობა ვალდებულება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენისა, უნდა არსებობდეს სხვა სახის დოკუმეტაცია, რომელიც ქმედებას მისცემს სამართლებრივ კვალიფიკაციას.

კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ტ-ის მიერ გაიცა მინდობილობა, რომელიც უნდა გულისხმობდეს დავალების ხელშეკრულებას (ფორმალურად ანაზღაურების გარეშე), შესაბამისად მათ შორის წარმოეიშვა გარკვეული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, შ. ზ-ის მიერ განხორციელებული ტრანსპორტირება კი დაუსაბუთებლად სცდება ამ ურთიერთობას და არ ემთხვევა შეთანხმებულ პირობებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად მეტყველებს შ. ზ-ის მიერ ჩვეული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე, რაც ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12-ე მუხლის შემადგენლობას, რომლის თანახმად სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (ორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხე-ტყის წარმოშობის კანონიერებას, მაგრამ განმარტავს, რომ ხე-ტყის არაკომერციული დანიშნულებისათვის მოპოვება არ გამორიცხავს მხარის მიერ მისი კომერციული მიზნებისათვის გამოყენებას. კასატორი მიუთითებს ხე-ტყის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების განხორციელების დროსა და ვითარებაზე, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით უტყუარად ვერ ადასტურებს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობას.

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუდასტურდეს სამართალდარღვევის ჩადენა, მნიშვნელოვანია დადგინდეს იყო თუ არა სამეწარმეო მიზანი კონკრეტული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ (5.45მ3X450.00 ლარი) ტრანსპორტირებისას რომელიც განხორციელდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული იყო გადასახადის გადამხდელ, ვერ გადააქცევს ქმედებას სამართალდარღვევად, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის გადასახადის გადამხდელ სუბიექტად არსებობა (იხ. სუს. განჩინებები: საქმე №ბს-754-740(კ-14) 07.07.15წ.; საქმე №ბს-612-609(2კ-17) 03.10.17წ.).

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე