საქმე #330310016001267004
საქმე Nბს-973-969(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-მა 2016 წლის 2 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის N3832 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამორთმეული 1,32 მ3 ხე-მასალის გ. ხ-ისთვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ფ/პ გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2016 წლის 16 თებერვლის
N3832 ბრძანება; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს 2015 წლის 22 დეკემბრის NCB601121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამორთმეული ხე-მასალის გ. ხ-ისთვის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც უთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეილია, როგორც ფორმალური ასევე მატერიალური კანონიერება, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2015 წლის 22 ოქტომბერს DEშ 2 15 00065069 წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და აცნობა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს ახალციხის რაიონის სოფელ ... შეჩერებულ იქნა გ. ხ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით ..., რომლის ძარაზე დატვირთული იყო 3მ სიგრძის ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, მოცულობით 2მ3. აღნიშნული ტვირთის ტრასპორტირება ხორციელდებოდა კანონდარღვევით. ავტომანქანა მასზე განთავსებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტით განთავსებულია ახალციხის რაიონის სოფელ ... და მიღება-ჩაბარების ოქმით ჩაბარდა იმავე სოფელში მცხოვრებ გ. მ-ეს.
ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ფიზიკური პირის - გ. ხ-ის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №ჩB601121. ოქმში აღინიშნა, რომ გ. ხ-ის მიერ
დარღვეულია სსკ-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: BBF-713; მძღოლი: გ. ხ-ი (პ/ნ ...; გადამოწმების დრო: 22,12,2015 16:58)), კერძოდ, 528 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის: ,,დახერხილი ხის მასალა“ (1,3 მ3X400,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
იმავე წერილის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ფიზიკური პირის - გ. ხ-ის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბერს, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №ჩB601108. ოქმში აღინიშნა, რომ გ. ხ-ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით (პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა), რაც 273-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას. სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუდასტურდეს სამართალდარღვევის ჩადენა, მნიშვნელოვანია დადგინდეს იყო თუ არა სამეწარმეო მიზანი კონკრეტული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: „დახერხილი ხის მასალა“ (1.32 მ3X400.00 ლარი) ტრანსპორტირებისას, რომელიც განხორციელდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. დადგენილია, რომ გ. ხ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახს საიდენტიფიკაციო ნომრად მინიჭებული აქვს N... და იღებს საარსებო შემწეობას 150 ლარის ოდენობით, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის არსებობას (იხ. სუს. განჩინებები: საქმე №ბს-754-740(კ-14) 07.07.15წ.; საქმე №ბს-612-609(2კ-17) 03.10.17წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე