საქმე # 330310015716720
საქმე Nბს-494-491(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. ჩ-ა ( მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხრაე -საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჩ-ამ 2015 წლის 5 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელეს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ინფორმაცია 2012 წელს 2 მაისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით ს.ა.დ-ის N... დაწესებულებაში, მეორე სარეჟიმო კორპუსის №... საკანში, რა საფუძვლით იქნა დ. ჩ-ა შესახლებული მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებთან; 11/12/12 წლით დათარიღებული ორი შუამდგომლობა (გადაკეთებული 17/12/12 წლად) დაწესებულების კანცელარიაში რეგისტრირებულია 20/12/12 წელს №ჩ/426 და ჩ/427; 30/11/12 წლით დათარიღებული შუამდგომლობა დაწესებულებაში რეგისტრირებული 03/12/12 წელს ჩ/378; 05/12/12 წლით დათარიღებული განცხადება დაწესებულებაში რეგისტრირებულია 11/12/12 წელს №ჩ/399. ა. აღნიშნული კორესპონტენციის ადრესატთან გაგზავნის თაობაზე ს.ა. №... დაწესებულების დირექტორისადმი მოსარჩელის წერილობითი განცხადებების დამოწმებული ასლები; ბ. მტკიცებულება დამოწმებული ასლების სახით ა. პუნქტში მითითებულ თითოეულ განცხადებებზე დაწესებულების დირექტორის რეაგირების შესახებ (თარიღის და კანცელარიაში მისი რეგისტრაციის ნომრის ამსახველი მტკიცებულების დამოწმებული ასლების სახით). მე-2 მოთხოვნაში მითითებული კორესპონდენციის ადრესატთან გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ინფორმაცია მე-2 მოთხოვნაში მითითებული კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის (ბრალდებულისაგან მისი მიღების, კანცელარიაში მიღებისა და ადრესატთან გაგზავნის თაობაზე, სადაც მითითებულია ამ მოქმედებების განსაზღვრული ვადები). ს.ა. №... დაწესებულების 03/12/12 წლის №10/27-9-17640 ორი წერილი სხვადასხვა ხელმოწერით. ა. წერილების დამოწმებული ქსეროასლები. ბ. ინფორმაცია თითოეული წერილის შედგენის მიზნის შესახებ. ს.ა. №... დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების თანამშრომლების და დაწესებულების ექიმის ც. ჭ-ის მიერ 14/12/12 წელს ხელმოწერილია (ცნობის სახელწოდებით) დოკუმენტი. ა. ინფორმაცია დოკუმენტის სახის შესახებ. ბ. ინფორმაცია აღნიშნულ პირთა მიერ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი უფლებამოსილების და ხელის მოწერის შესახებ, კონკრეტული სამართლებრივი აქტი/ნორმა რომელიც ანიჭებთ მათ ამ უფლებას. სასამართლოსადმი ს.ა. N... დაწესებულების 14/12/12 წლის №10/27-1/1-18720 ორი იდენტური შინაარსის წერილი აქვს შედგენილი, აქედან ერთს არ გააჩნია დაწესებულების დირექტორის ხელის მოწერა. ა. წერილების დამოწმებული ქსეროასლები. ბ. ინფორმაცია წერილების შედგენის მიზნის შესახებ. გ. მტკიცებულება იმისა, თუ ადრესატს (მოსამართლეს) ვინ და რომელი წერილი გადასცა. მე-7 მოთხოვნაში ს.ა. №... დაწესებულების დირექტორის 14/12/12 წლის N10/27-1/1-18720 ხელმოუწერელი წერილის ჩაბარებაზე ხელს აწერს შ. ჯ-ა. ინფორმაცია შ. ჯ-ას (სამართლებრივი რეჟიმის უფროსი ინსპექტორი) მიერ ამ სახის დოკუმენტის ჩაბარებაზე უფლებამოსილების მიმნიჭებელი სამართლებრივი აქტის/ნორმის შესახებ. ს.ა. №... დაწესებულების ექიმის ც. ჭ-ის მიერ შედგენილია ერთი შინაარსის ორი უთარიღო სამედიცინო ცნობა ფორმა №4-100-ა, ამათგან ერთი მეორესგან განსხვავებით არ არის დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ა. ცნობების დამოწმებული ქსეროასლები. ბ. ინფორმაცია თითოეული ცნობის შედგენის მიზნის შესახებ. ს.ა. №... დაწესებულების ცნობა ფორმა №4-100-ა-ს რეკომენდაციის მიხედვით მოსარჩელეს ესაჭიროებოდა მხედველობაზე დიაგნოზის დაზუსტება ქალაქის სპეციალიზირებულ კლინიკაში. ინფორმაცია რა დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ შესრულდა აღნიშნული რეკომენდაციით წარმოშობილი ვალდებულება, მათ შორის ს.ა. №... დაწესებულების შესაბამისი სამსახურის მხრიდან ს.ა სამედიცინო დეპარტამენტისადმი წერილობითი ფორმით შეტყობინება. 09/01/13 წელს ს.ა. №15 დაწესებულებიდან შპს „...“ ოფთალმოლოგის კონსულტაციაზე მოხდა მოსარჩელის გაყვანა. ექიმის არყოფნის გამო ვიზიტი გადაიდო. სამედიცინო ცენტრი არ იყო ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული. ა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით და რა მიზნით მოხდა მოსარჩელის გადაყვანა აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში. ბ. ინფორმაცია ს.ა. დაწესებულებიდან ქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში
გადაყვანის სამართლებრივი აქტის/ნორმის შესახებ. გ. ინფორმაცია დამაბრკოლებელი გარემოების, რომლის გამოც არ მოხდა სამედიცინო ცენტრის წინასწარ ინფორმირება. ს.ა. №... დაწესებულების თანამშრომლების მიერ 29/10/12 წელს და 14/12/12 წელს შედგენილ ოქმებზე არ არის დ. ჩ-ას ხელის მოწერა და არც ჩანაწერი ხელის მოწერაზე უარის განცხადების შესახებ. ა. ინფორმაცია დოკუმენტებით მონაცემთა დამუშავების მიზანის შესახებ. ბ. ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. გ. ინფორმაცია აღნიშნული ოქმების შედგენის ფორმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის/ნორმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დ. ჩ-ასათვის შემდეგი ინფორმაციის გადაცემა: კერძოდ, ა) 2012 წლის 11 დეკემბრის (გადაკეთებული 2012 წლის 17 დეკემბრად) შუამდგომლობების (დაწესებულების კანცელარიაში რეგისტრირებულია 2012 წლის 20 დეკემბერს №ჩ/426 და ჩ/427), ასევე 2012 წლის 30 ნოემბრის შუამდგომლობის (დაწესებულების კანცელარიაში რეგისტრირებულია 2012 წლის 3 დეკემბერს №ჩ/378) და 2012 წლის 5 დეკემბერის შუამდგომლობის (დაწესებულების კანცელარიაში რეგისტრირებულია 2012 წლის 11 დეკემბრის №ჩ/399), ადრესატთან გაგზავნის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორისადმი მოსარჩელე დ. ჩ-ას წერილობითი განცხადებების დამოწმებული ასლები, ასევე ინფორმაცია ზემოაღნიშნულ (თითოეულ) განცხადებაზე დაწესებულების დირექტორის რეაგირების შესახებ (თარიღის და კანცელარიაში მისი რეგისტრაციის ნომრის ამსახველი მტკიცებულებების დამოწმებული ასლების სახით) და კორესპონდენციის ადრესატთან გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების 2012 წლის 3 დეკემბრის №10/27-9-17640 წერილის დამოწმებული ასლი; გ) სასჯელაღსრულების დეპარატმენტის №... დაწესებულების დირექტორის 2012 წლის 14 დეკემბრის №10/27-1/1-18720 წერილის დამოწმებული ასლი; დ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების ექიმის - ც. ჭ-ის მიერ, დ. ჩ-ას მიმართ შედგენილი ფორმა №4-100-ა დამოწმებული ასლები; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით აპელანტის - დ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც უთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამავე ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი, თუმცა აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად განემარტა, რომ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არსებობს მაშინ, თუ მას გააჩნია მატერიალური ხასიათი და დაცულია საჯარო დაწესებულებაში, ამასთან, მისი ამ სახით მოძიებისა და შექმნის ვალდებულება უნდა გააჩნდეს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე