საქმე # 050310116001240796
საქმე N898-894(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხეები -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-ამ 2016 წლის 8 თებერვალს სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის ... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ნოემბრის N1/1-2635, 2014 წლის 25 დეკემბრის N 1/1-3111 და 2014 წლის 09 დეკემბრის N 1/1-2872 ბრძანებებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე შესრულებული სარეგისტრაციო ჩანაწერის, საკადასტრო კოდით N..., ბათილად ცნობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით N ..., ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N ... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ნოემბრის N1/1-2635, 2014 წლის 25 დეკემბრის N 1/1-3111 და 2014 წლის 09 დეკემბრის N 1/1-2872 ბრძანებებთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც პირველი ინსტანციის, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ნ-ას საკუთრებაში გადაეცა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც წარადგინა აზომვითი ნახაზი. სასამართლომ განმარტა, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მიწის რეფორმის კომისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთი თანხვედრაში იყო სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ აზომვით ნახაზთან (ე.ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს იყო მოკლებული მ. ნ-ას საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე აღრიცხა სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება სახელმწიფოს საკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით.
კასატორი განმარტავს, რომ 2015 წლის 02 ნოემბერს მ. ნ-ამ N90971/05 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთში, სოფ. ... მდებარე 5400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მიზნით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეში, სოფ. ... მდებარე 7709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების მოთხოვნით. სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 16.10.2012 წლის N1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N50) მიღებული დასკვნის გათვალისწინებით, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 იანვრის N 17/2164 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების N... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში ადგილმდებარეობა არ დასტურდებოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფ. ... მდებარე 7709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 26.12.2014 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ... გადაწყვეტილებით. საკუთრების უფლების რეგისტრაციას კი საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17/11/2014 წლის N1/1-2635; 25/12/2014 წლის N1/1-3111 და 09/12/2014 წლის N1/1-2872 ბრძანებები. სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა საკუთრება უფლებრივად თავისუფალ მიწის ნაკვეთზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ უცნობი და დაუსაბუთებელია თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ დადგენილად საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მართებულობა და შედეგად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. მოცემულ შემთხვევაში, ვერ ხდება მიწის ნაკვეთთა იდენტურობის საკითხის დადგენა/გარკვევა. იმისათვის, რომ სასამართლოს დადგენილად მიეჩნია სადავო გადაწყვეტილებების კანონსაწინააღმდეგობა, აუცილებელი იყო დადასტურებულიყო ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში დაუზუსტებელი ფორმით არსებული მიწის ნაკვეთი იმ კონფიგურაციითა და კოორდინატებით არსებულ მიწის ნაკვეთს, როგორი სახითაც იგი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა.
ელექტრონული ვერსიის გარეშე არსებული საკადასტრო მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის (ელემენტების) აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი ელემენტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად, მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფოს გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა მისი სახელმწიფოს გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას. ამდენად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და სადავო ადმინისტრაციული აქტებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც-ერთი მტკიცებულებით.
კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება გულისხმობს ახლად წარმოდგენილი მონაცემების უკვე არსებულ ზოგად საკადასტრო მონაცემებთან დამთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ დაუზუსტებელი მონაცემების დაზუსტება იმთავითვე მოიაზრებს არსებული მონაცემების შეცვლას, ცვლილება უნდა ემყარებოდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის, უკვე არსებულ საკადასტრო რუკასთან ურთიერთშეჯერებით დაზუსტებულ მონაცემებს. "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრში, შესრულებულია მისი დაკვეთით და იმ საზღვრების მინიშნებით, რომელიც მან ცალმხრივად მიუთითა.
კასატორი მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მეორე პუნქტზე და განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის შესაბამისად კი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელია უძრავი ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, უძრავი ქონების ადგილმდებარეობას საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ჩამტარებელი პირი მესაკუთრის მითითებით განსაზღვრავს, შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იყო მიღებული, რაც სასამართლოს მოსაზრებით ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობის საფუძველი გახდა. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ მოეპოვებოდა. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რაც ვერ გახდებოდა მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
კასატორს მიაჩნია, რომ როდესაც საკითხი ეხება მიწის ნაკვეთების გადაფარვას, გეგმარებით და სხვა ტექნიკურ საკითხებს, საექსპერტო კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის არსებითი გარემოებების დადგენისათვის. სწორედ ასეთი ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მ. ნ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 17 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით მარუსია ნაჭყებიას სამკვიდრო ქონება მიიღო, მემკვიდრემ მ. ნ-ამ და მის სახელზე აღირიცხა ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 5400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და უძრავ ქონებას მიენიჭა კოდი N .... დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს, მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და დაზუსტება მოითხოვა. ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ზედდების გამო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე არ არის გამოკვლეული, სახელმწიფოს სახელზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ მოიცავდა მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას, რითაც შეილახა მ. ნ-ას კანონიერი ინტერესი.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოება, სახელმწიფო სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების პერიოდისათვის, არსებობდა თუ მ. ნ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და განხორციელებული რეგისტრაციით შეილახა თუ არა მისი საკუთრების უფლება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე