საქმე # 330310015001052485
საქმე Nბს-985-981(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ხ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები - ლ. კ-ე, თ. ა-ე, დ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ამ 2015 წლის 30 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. კ-ე, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ დ. ბ-ი და თ. ა-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით, მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მე-60 მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 249-ე მუხლები, შესაბამისად, მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ზეპირ განცხადებას იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის საფუძველი გახდა არა კრების ოქმი, არამედ ამხანაგობის წევრთა 100%-ის თანხმობა 13,2 კვ.მ ფართის სარდაფის ლ. კ-ისთვის მიკუთვნების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება კანონს საჯარო რეესტრის შესახებ, ასევე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს, ასევე უზენაესი სასამართლოს განმარტებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობიდან საერთო საკუთრების გამოთხოვის საფუძვლების თაობაზე (საქმეNას-1098-1029-2012).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში სამი წევრია, რომელთაგან ერთი თავად დაინტერესებული პირი - ლ. კ-ეა. მეორე წევრი თ. ა-ეა, რომელმაც 2014 წელს თავისი ბინის ნაწილი მიჰყიდა ლ. კ-ეს და აღნიშნულ სარდაფს დაჰპირდა, ხოლო მესამე წევრმა დ. ბ-ის მეურვემ და მამამ მ. ბ-მა, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ აღნიშნულ სარდაფის ფაქტობრივ მფლობელობას მ. ხ-ა ახორციელებდა, ხოლო კრების ოქმზე ხელის მოწერით მან დაადასტურა, რომ სარდაფზე არ გააჩნდა პრეტენზია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. №10-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცა თ. ა-ეს. ამასთან, თ. ა-ეს დაეკისრა მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19 035 ლარის გადახდა. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის
ნასყიდობის ხელშეკრულების (31.07.2014) და გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე 2014 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით, რეგისტრირებულია სამი მესაკუთრის საკუთრების უფლება. კერძოდ: დ. ბ-ის სახელზე - შენობა №1-ის მე-2 სართულზე 103.48 კვ.მ.; თ. ა-ის სახელზე - №1 და №2 შენობებიდან 1-ლ სართულზე ფართი 60.55 კვ.მ., მე-2 სართულზე 109.49 კვ.მ. სულ - 170.04 კვ.მ., ხოლო ლ. კ-ის სახელზე - №1 და №2 შენობებიდან 1-ლ სართულზე ფართი 125.34 კვ.მ.
2015 წლის 18 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით, თ. ა-ემ და დ. ბ-ის მეურვემ - მ. ბ-მა თანხმობა განაცხადეს, რომ ლ. კ-ეს საკუთრებაში გადასცემოდა ქ. თბილისი, ... ქ. №10- ში მდებარე 13,2 კვ.მ. ნახევარსარდაფი. მათ ასევე თანხმობა განაცხადეს აღნიშნულ ფართზე ლ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის სადავო გადაწყვეტილებით ლ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღირიცხა 13,2 კვ. მ ნახევარსარდაფის მესაკუთრედ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა მ. ხ-ას ქ. თბილისი, ... ქ. №10-ში განთავსებულ არც ერთ ფართზე არ აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან ყველა მესაკუთრის მიერ გაიცა თანხმობა მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ერთ-ერთი მესაკუთრის - ლ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან სახეზე არ იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - მ. ხ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 11.12.2017წ.. №14 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე