Facebook Twitter

საქმე # 160310015971665

საქმეNბს-1056-1050(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

მესამე პირები - ს. უ-ე, ი. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ა-ამ 2015 წლის 1 ივნისს სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის ს. უ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 ოქტომბრის (დოკუმენტბრუნვის სისტემაში მინიჭებული N2047) გადაწყვეტილების, ამავე სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 აპრილის N... და N... გადაწყვეტილებების, 2012 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დავალება განახორციელოს ქ. მარნეულში ... N1-ში საკადასტრო კოდით N... და საკადასტრო კოდი N... რეგისტრირებული უძრავი ქონების მ. ა-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2015 წლის 8 სექტემბერს სასამართლოს სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 ოქტომბრის ყადაღის რეგისტრაციის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე ს.კ ... და ს.კ ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. ა-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით მესამე პირის - ვ. ა-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ი. ა-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არსწორი სამართლებრივი შეფასება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ჰქონდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები, სადაც ასახულია მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები 36 კვ.მ და 96 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ...) დაყადაღებისას, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი - სასამართლო გადაწყვეტილება ან ადმინისტრაციული აქტი. საჯარო რეესტრის არქივში მიწის ნაკვეთების დაყადაღებაზე განცხადება, მომსახურების საფასური და გადაწყვეტილებები დაცული არ არის. მხოლოდ ნახსენებია 2008 წლის 03 ოქტომბრის N11 განჩინება, რომელსაც ახლავს ყალბი ცნობა, N11 განჩინებაში არ არის მითითებული 36 კვ.მ და 96 კვ.მ მიწის ნაკვეთების - საკადასტრო კოდებით .... და ... დაყადაღება, იმ შემთხვევაში თუ 132 კვ.მ (ს/კ...) მიწის ნაკვეთი იქნებოდა შეზღუდვის ობიექტი მისი ორ ნაწილად გაყოფა ვერ მოხერხდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, მ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ 2008 წლის 3 ოქტომბერს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. უ-ის მოთხოვნა და ყადაღა დაედო მ. ა-ას უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს - 132 კვ.მ ფართობით, მდებარე მარნეულში, №1 ... ტერიტორიაზე. განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში შევიდა 2008 წლის 6 ოქტომბერს. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა დააკმაყოფილა მ. ა-ას განცხადება და უძრავი ნივთი ს/კ ... დაყო ორ ნაწილად, 36 კვ.მ ს/კ ... და 96 კვ.მ ს/კ ..., იმავდროულად, მიწის ნაკვეთებზე - ს/კ ... და ს/კ ... დაარეგისტრირა მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ყადაღა. დადგენილია, რომ 2008 წლის 9 ოქტომბერს უძრავ ნივთებზე - ს/კ ... და ს/კ ... გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ასევე მიეთითა, რომ ს/კ ... და ... მიწის ნაკვეთებს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბერის განჩინებით ედოთ ყადაღა. ამონაწერი გადაეცა მ. ა-ას. 2008 წლის 4 ნოემბერს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. უ-ესა და მ. ა-ას შორის არსებულ სამოქალაქო დავაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა ს. უ-ის სარჩელი და მას საკუთრებაში გადაეცა მ. ა-ას სახელზე რიცხული, ქ.მარნეულში, №1 ... მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 132 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2009 წლის 15 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ს. უ-ემ მიმათა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 მაისის N... და N... გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა ს. უ-ის განცხადება და უძრავ ნივთზე ს/კ ... და ს/კ ... დარეგისტრირდა ს. უ-ის საკუთრების უფლება. ს. უ-ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილებით ორ ნაწილად დაყოფილი უძრავი ნივთი ს/კ ... და ს/კ ... გაერთიანდა ერთ ნაკვეთად და მიენიჭა ახალი ს/კ .... მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა; უძრავი ნივთი ს/კ ... ს. უ-ესა და ვ. ა-ს შორის 2013 წლის 19 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ვ. ა-ის სახელზე. ვ. ა-ის გარდაცვალების გამო, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ი. ა-ას სახელზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებს და მითითებას ყადაღის რეგისტრაციის დროს მოქმედ „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომელიც ადგენს იმ შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს უფლებას უარი თქვას ყადაღის რეგისტრაციაზე. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს ყადაღის რეგისტრაციაზე, თუ: ა) ყადაღის დადების დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ყადაღის საგნისა და მისი მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; ბ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია. განსახილველ შემთხვევაში მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული იყო როგორც ყადაღის საგანი, ისე მესაკუთრე. განჩინებაში მითითებული მონაცემები იძლეოდა როგორც ყადაღის საგნის, ისე მისი მესაკუთრის იდენტიფიკაციის საშუალებას, ამდენად, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ყადაღის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე - ს/კ ... და ს/კ... შეესაბამება როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონს, ისე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციას და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, შესაბამისად, მ. ა-ას უძრავი ნივთის დაყოფის შესახებ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებამდე (2008 წლის 9 ოქტომბერი) საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 6 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იყო ყადაღის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რაც სრულ შესაბამისობაშია სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ს. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და სადავო 2009 წლის 9 მაისის გადაწყვეტილებებით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც 2013 წლის 19 მარტს გაასხვისა ვ. ა-ის სახელზე. კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული ზემოაღნიშნული რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლები, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე