საქმე # 330310016001614755
საქმე Nბს-1089-1083(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ. ქ-ი (მოსარჩელე )
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს განყოფილება (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ხ. ნ-მ 2016 წლის 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს განყოფილების მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს განყოფილების 22.09.2016 წლის N04-00-3/41220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.10.2016 წლის N04/79306 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება - ლ. ქ-ისათვის 2009 წლის 3 აგვისტოდან პენსიის დანიშვნის შესახებ. ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს მოპასუხეს 2009 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით,სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი რომელიც, უნდა გამოეყენებინა თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, მიუთითა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის 279 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სოციალური პაკეტი ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ დადგენილებით ცალსახად არ არის განსაზღვრული რა პერიოდის კომპენსაცია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან, რადგან კანონმდებლობა არც მიუღებელი კომპენსაციის გაცემას არ კრძალავს. სასამართლომ ასევე არ იხელმძღვანელა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და აპელირებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი თანასწორია და ლ. ქ-ს უკარგავს უფლებას ისარგებლოს სოციალური პაკეტით იმ პერიოდიდან რა პერიოდიდანაც იგი ითვლება მარჩენალდაკარგულად, ასევე არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის დებულებები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ვერ მიმართავდა ლ. ქ-ის მამის - ჯ. ქ-ის გარდაცვილად გამოცხადების თაობაზე, მისი გატაცებიდან 5 წლის გასვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, ჯ. ქ-ი გამოცხადდა გარდაცვლილად და მისი გარდაცვალების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 3 აგვისტო. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2016 წლის 22 სექტემბრის №04-00-ვ/41220 გადაწყვეტილებით, ჯ. ქ-ის არასრულწლოვან შვილს - ლ. ქ-ს სოციალური პაკეტი დაენიშნა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს არ გააჩნდა 2009 წლის აგვისტოდან სოციალური პაკეტის დანიშვნის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარების სახეებს ამავე კანონის მე-121 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია მარჩენალის გარდაცვალება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას მარჩენალის გარდაცვალების გამო. მოცემული დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პირის გარდაცვალება არის - პირის გარდაცვალება, რაც რეგისტრირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს - მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა; ამავე დადგენილების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქ/პუნქტის თანახმად კი, სოციალური პაკეტი ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში განახორციელა სოციალური მომსახურების სააგენტომ და ლ. ქ-ს, როგორც მარჩენალდაკარგულს დაუნიშნა სოციალური პაკეტი განცხადების წარდგენიდან მომდევნო თვეს.
რაც შეეხება ლ. ქ-ის მოთხოვნას 2009 წლის 3 აგვისტოდან მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სადაც პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, არ დგინდება მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლი ადგენს სწორედ 5 - წლიანი ვადის გასვლის აუცილებლობას გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე, განცხადების წარდგენისთვის და კანონით დადგენილი მოთხოვნების არსებობის პირობებში, რა დროსაც არ გამოვლენილა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება, გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე