Facebook Twitter

საქმე # 330310015001173454

საქმე Nბს-1178-1172(კ-17) 13 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ხ-მა 2015 წლის 2 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის 01- 07/28134 წერილის ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბ. ხ-ის სასარგებლოდ 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მიუღებელი შემწეობის - 1843 ლარის გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის 01-07/28134 წერილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მიუღებელი შემწეობის - 1843 ლარის გადახდა ბ. ხ-ის სასარგებლოდ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთადერთი საფუძველი, რაზეც ამყარებს თავის მსჯელობას, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს დაევალა ბ. ხ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის ხელახალი განხილვა, რაც განხორციელდა სამინისტროს მიერ და უარი ეთქვა მას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, ბ. ხ-ის მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი განცხადება სამინისტროში მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ის განცხადებები, რომლებიც ერთ და იმავე სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე იყო აგებული და რომლებიც სამინისტროს მიერ განხილული არ ყოფილა, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და სადავოდ არ გამხდარა.

კასატორი განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართალურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტსა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ასეთი მტკიცებულებები მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ ბ. ხ-ისათვის დევნილის სტატუსის არ მინიჭება გამოწვეული იყო არა სამინისტროს ბრალით, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ შეძლო წარმოედგინა მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, არ არსებობს სამინისტროს მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სარჩელით და მასზე თანდართული მტკიცებულებებით არ დგინდება ზიანის დადგომის ფაქტი, ასეთ ფაქტსა და მოპასუხის ბრალეულ ქმედებათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ფაქტი, კერძოდ სამინისტროს ბრალეულობა ზიანთან მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბ. ხ-ის მიერ 2008 წლის 25 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში არ უმსჯელია, რის გამოც ბ. ხ-მა 2009 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილად სტატუსის მინიჭების თაობაზე. მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მხოლოდ 2014 წლის 30 მაისის N935 ბრძანებით მიანიჭა ბ. ხ-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რითაც მოსარჩელეს წაერთვა შემწეობის მიღების უფლება 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მარტებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 01-07/28134 წერლის კანონშეუსაბამობაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურებაზე.

საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არსებობს სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 2014 წლის 30 მაისს, შესაბამისად ბ. ხ-მა უკანონოდ ვერ მიიღო დევნილის შემწეობა, რაც განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს უკანონო აქტების გამოცემით მოსარჩელისათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე