საქმე # 330310016001416276
საქმე Nბს-1196-1190(კ-17) 27 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა 2016 წლის 30 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის N1848 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ. გ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის N1488 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა , უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებაა და ამ უფლების განსახორციელებლად სამინისტრო ხელმძღვანელობს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება) ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
კასატორის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად განადგურდა საკომლო ჩანაწერები, არ არსებობს მყარი და უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, კონკრეტული პირი წარმოადგენდა თუ არა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელს. ამის გამო მუნიციპალიტეტები ცნობებს გასცემენ ზეპირი მეხსიერების საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში კი არ ხდება მეზობლების გამოკითხვაც, შესაბამისად, სადავო საქმეში არ არის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული მეზობლების გამოკითხვის ოქმები.
ლ. გ-ს 2008 წლამდე ახალგორის რაიონის სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ უდასტურდება, ვინაიდან 2008 წლის ომამდე მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. გორი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია, რაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს ლ. გ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართ: ქ. გორი, .... N1, ბ. 59. 2014 წლის 22 აპრილამდე ეს მონაცემები არ შეცვლილა და ლ. გ-ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. გორი.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები დაახლოებით 1999 წლიდან ომამდე იზრდებოდნენ ქ.თბილისში და არა სოფ. ..., პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი, ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა სადგომი მოცემულ ადგილზე. ასევე კონკრეტულ ადგილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გადასახადის გადახდის ქვითრით, საკომლო ჩანაწერით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით.
კასატორის განმარტებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლ. გ-ის საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, გამოიკითხნენ მეზობლები, მ. ბ-ი და გ. ბ-ი, რომელთაც განმარტეს, რომ ლ. გ-ი 40 წელია ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, ქ. გორი, ..., N1, ბინა N59, რაც საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი ოქმების მიხედვით, მეზობლები თავისი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის - ლ. გ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ქალაქ გორში და არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მათ სასამართლო პროცესზე უარყვეს მათივე განმარტებები და განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ უცხოვრია ზემოთ მითითებულ მისამართზე, ქ. გორში. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა გაეზიარებინა მოწმეთა ჩვენებები, რადგან წერილობით მიცემული ახსნა - განმარტება მოწმეებმა უარყვეს ყოველგვარი ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტაციის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2015 წლის 2 აპრილის დასკვნით, ლ. გ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ... შვილებთან ერთად და ეწეოდა მცირე ფერმერულ მეურნეობას. ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 24 აპრილის №38 ცნობით, დადგენილია, რომ ლ. გ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ... შვილებთან ერთად.
2016 წლის 19 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით დადგენილია, რომ მოქალაქე ლ. გ-ი 2008 წლის აგვისტომდე, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორში, ... №1, ბინა №59-ში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია დაეყრდნო გორში, ... №1-ში მცხოვრები პირების მ. ბ-ისა და გ. ბ-ის გამოკითხვის ოქმებს, სადაც მითითებულმა პირებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე ლ. გ-ი 2008 წლის აგვისტომდე, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორში, ... №1, ბინა №59-ში.
აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა იმ პირებმა, რომელთა გამოკითხვის ოქმებსაც ეყრდნობოდა თვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა-შეფასების გზით უნდა დაედგინა და დამატებით გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, უნდა დადგინდეს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რისი განსაზღვრაც უნდა მოხდეს გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ლ. გ-ის ცხოვრებას ახალგორის რაიონის სოფელ … 2008 წლის აგვისტოს თვემდე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის სამინისტროს მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, რაც გამორიცხავს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ლ. გ-ის მუდმივი საცხოვრებლის დადგენის მიზნით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე