Facebook Twitter

საქმე #010345618900013304

#ბს-206-206(გ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

გადასახადის გადამხდელი _ შპს „ი...“

მესამე პირი - შპს „მ...“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 17 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შპს „ი...-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით შპს „მ...-ს“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები და განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები, კერძოდ, დადგენილია თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მ...“ რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ზესტაფონი, ... ქ. #14. შესაბამისად, 2121-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსახილველად უნდა გადაგზავნოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის შპს „ი...-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით შპს „მ...-ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა: გაიცეს ბრძანება შპს „ი...-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით შპს „მ...-ს“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს „ი...-ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს - 55 305,68 ლარს. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით #011-3127 ირკვევა, რომ შპს „ი...-ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მესამე პირის - შპს „მ...-ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 26 ოქტომბრის ქონებაზე ყადაღის დადების აქტით ირკვევა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს „მ...-ს“ ქონებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ი...-ის“ იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, ... ქ. #5, ხოლო შპს „მ...-ს“ იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, ... ქ. #14.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წინაშე შპს „ი...-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით შპს „მ...-ს“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციასთან დაკავშირებით ბრძანების გაცემის თაობაზე იშუამდგომლა. შესაბამისად, განსახილველი საქმე ეხება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს „ი...-ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს - 55 305,68 ლარს. 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით #011-3127 ირკვევა, რომ შპს „ი...-ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მესამე პირის - შპს „მ…-ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბრის ქონებაზე ყადაღის დადების აქტით ირკვევა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს „მ…-ს“ ქონებას.

ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ი...-ის“ იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, … ქ. #5, ხოლო შპს „მ…-ს“ იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, … ქ. #14.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლზე მითითებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია მოცეული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადად, ვინაიდან აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს, რომ განსჯადი სასამართლო გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში კი, გადასახადის გადამხდელის - შპს „ი...-ის“ იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, … ქ. #5.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი