საქმე #330310017001913820
#ბს-366-366(კ-18) 7 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 5 მაისს გ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის #MES 8 17 00327991 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის გ. ჭ-ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ... აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის #MES 8 17 00327991 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ. ჭ-ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ... აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობისათვის საჭიროებს ავტორიზაციას ან/და აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.
კასატორის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა დისტანციური ფორმით სწავლებასთან მიმართებით უკუძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა დაშვებული ამ ფორმით მიღებული განათლება სახელმწიფოს მიერ აღიარებული. შესაბამისად, კანონით უნდა ყოფილიყო დაშვებული დისტანციური ფორმით განათლების მიღების უფლება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტზე მითითებით, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონულად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის და მხოლოდ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. საქართველოს კანონმდებლობით არ არის დაშვებული იმ პირთა მიერ დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღება, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და უმაღლეს განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დისტანციური ფორმით განათლების მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა და არ ითვალისწინებს არც ერთი საკანონმდებლო ნორმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ 6.1 მუხლზე მითითებით, კასატორმა აღნიშნა, რომ პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის, გ. ჭ-ას ეს განათლება უნდა მიეღო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და არა დისტანციური ფორმით. ამდენად, ცენტრი არ იყო უფლებამოსილი ეღიარებინა მის მიერ მიღებული განათლება, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული 2017 წლის 5 აპრილის #327991 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ. ჭ-ას უარი ეთქვა განათლების აღიარებაზე.
კასატორის განმარტებით, არ დასტურდება გ. ჭ-ას მიერ სრულად ან ნაწილობრივ, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, არ დგინდება გ. ჭ-ას სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობა სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. შესაბამისად, დასახელებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მის მიერ დისტანციურად მიღებული განათლება, ვერ მიიჩნევა აღიარებულად, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეში წარმოდგენილი კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 16 მარტის #4893 ცნობის თანახმად, დგინდება, რომ გ. ჭ-ამ ნამდვილად დაამთავრა სწავლა პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში და აიღო დიპლომი, სერია ... #..., 03.11.2016წ. მიმართულება - სამართლისმცოდნეობა, სპეციალიზაცია - საერთაშორის კომერციული სამართალი, სასწავლო საათების რაოდენობა - 7128; სესიების გრაფიკი: 01.09.2012-15.09.2012; 01.03.2013-15.03.2013; 01.09.2013-15.09.2013; 01.03.2014- 15.03.2014; 01.09.2014-15.09.2014; 01.03.2015-15.03.2015; 01.09.2015-15.09.2015; 01.03.2016- 15.03.2016; საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონე: ბაკალავრის ხარისხი. გ. ჭ-ას სახელზე კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ 03.11.2016წ. გაცემულია B16#251758 დიპლომი, ასევე დიპლომის დანართი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულია აპოსტილით. კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 19 სექტემბრის #1982 ცნობის თანახმად დგინდება, რომ გ. ჭ-ას განათლება მიღებული აქვს დისტანციური სწავლის ფორმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული წესის 4.4 მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. 4.5 მუხლის შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. 4.7 მუხლის თანახმად, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამავე წესის 3.7 მუხლის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.03.2017წ. #MIA 1 17 00745778 წერილით დგინდება, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 მარტამდე გ. ჭ-ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სადავო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის #MES 8 17 00327991 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ასთვის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის #147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლზე მითითებით მართებულად მიიჩნიეს, რომ კანონმდებლის მიერ ამავე საკითხზე მოგვიანებით დადგენილი შეზღუდვები უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ელექტრონული/დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა კონკრეტული დისტანციური განათლების მიმღები პირის კონკრეტულ სახელმწიფოში ან ლოკალურ ტერიტორიაზე ყოფნა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ჭ-ას მიერ სწავლის დასრულების მომენტში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 20.03.2018წ. #02095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2018წ. #02095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი