1057აპ-10 ქ. თბილისი
14 თებერვალი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. რ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში გ. რ-მა ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
2009 წლის 11 ნოემბერს გ. რ-ი გადაიყვანეს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი განახევრდა და მსჯავრდებულს განესაზღვრა 1 წლით, 5 თვით და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენით გ. რ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 5 თვე, 28 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნულის მიუხედავად, გ. რ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის” შემცველი აბის ერთი ნატეხი, რაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიციელებმა, 2009 წლის 11 ნოემბერს.
გ. რ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე გ. რ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 ნოემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული სხვა უფლებები _ 10 წლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა და მოითხოვა გ. რ-ის გამართლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატი ა. რ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. რ-ის ადვოკატს ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები გააცნეს მხოლოდ 2009 წლის 19 ნოემბერს, როდესაც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება უკვე დაგვიანებული იყო, რითიც უხეშად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; ასევე დაირღვა სსსკ-ის 142-ე მუხლი და 145-ე მუხლის მე-2 ნაწილი გ. რ-ის დაკავების დროს, რადგან დაკავებული მაშინვე არ წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში; პირადი ჩხრეკისას დაკავებული არ იყო უზრუნველყოფილი არც ადვოკატით და არც დამსწრით. კანონის თანახმად, გ. რ-ი დაკავების შემდეგ უნდა გადაეყვანათ პოლიციის შენობაში, მოეწვიათ დამსწრეები და შემდეგ ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მას ამოუღეს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება და მეტი არაფერი, თუმცა ამოღებული ტელეფონი გამომძიებლისაგან ჩაიბარა გ. რ-ის ადვოკატმა და დაუბრუნა ოჯახის წევრებს. აქედან ჩანს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბადებს ეჭვს, მით უფრო, რომ გ. რ-ს ხელი არაფერზე მოუწერია, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი არ უარყოფს, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას გაეცნო იმ დროისათვის მოპოვებულ მასალებს, მათ შორის _ ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნას, მაგრამ ეს დასკვნა დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
რაც შეეხება დაკავების საფუძველს, პალატის მიერ განმარტებულია, რომ ნარკოტიკული საშუალების შენახვა დენადი დანაშაულია და ნარკოტიკის ამოღება, ანუ ამ დანაშაულის შეწყვეტა დანაშაულის ჩადენისას წასწრებასა და, შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობაზე ნათლად მიუთითებს. ოქმში მითითებულია დაკავების საფუძველი, კერძოდ, გ. რ-ი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და უსაფუძვლოა კასატორის მითითებები დაკავების საფუძვლის არარსებობის, ისევე, როგორც სსსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ (ს.ფ. 5-9; 14-17).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს. გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, რადგან ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.
ამასთან დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, გ. რ-ს გაუნახევრდა ამ სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენით გ. რ-ისათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 5 თვე, 28 დღე და განესაზღვრა 4 წლით, 11 თვით და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაში მსჯავრდებულს მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 3 თვე და 20 დღე (ს.ფ. 53), რაც ასევე მხედველობაშია მისაღები.
ამდენად, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გ. რ-ს უნდა გაუნახევრდეს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წელი, 5 თვე და 28 დღე და განესაზღვროს 8 თვით და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 3 თვე, 20 დღე და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი განისაზღვროს 3 წლით, 11 თვითა და 8 დღით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს:
“ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გ. რ-ს გაუნახევრდეს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით, 5 (ხუთი) თვით, 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 8 (რვა) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა;
ბოლო განაჩენით მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე, 8 (რვა) დღე და გ. რ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 11 ნოემბრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.