საქმე №330310015740619
№ბს-509-506(2კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა. ჩ-ე და მ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 4 მარტს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 1 ივნისიდან (6 თვე სოციალური აგენტის ბოლოს წინა ვიზიტიდან) იღებდნენ სოციალურ შემწეობას 204 ლარის ოდენობით, ვინაიდან მათი ოჯახის სოციალური ქულა შეადგენდა 28 720. მითითებული პერიოდიდან არ გაუმჯობესებულა მათი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და კვლავ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ პირებს წარმოადგენენ.
მოსარჩელეთა მითითებით, 2014 წლის 4 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განხორციელდა ვიზიტი, რომელმაც მათი ოჯახის დეკლარაციის შევსება განახორციელა ისე, რომ არ გაუთვალისწინებია ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად კი მოხდა მათი ოჯახის სოციალური ქულის გაზრდა და მათ მიენიჭა 74000 ქულა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსთან, სადაც ასევე მოთხოვნილი იყო აქტის მოქმედების შეჩერება, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მოსარჩელე მ. ჩ-ის საწინააღმდეგოდ იძულებითი აღსრულების პროცესის შეჩერება, რომელიც განახლდა სოციალური ქულის გაზრდის შედეგად. მოსარჩელეთა მითითებით, იმის გამო, რომ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა შეჩერებული იძულებითი აღსრულების პროცესის განახლება და იძუალებითი აღსრულების შედეგად სადავო ქონება გაიყიდა აუქციონზე, რამაც მ. ჩ-ეს მიაყენა მატერიალური ზიანი 15300 ლარის ოდენობით. ამასთან, კასატორთა განმარტებით, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მათი საჩივარი იმ მოტივით, რომ სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენდა რეალაქტს და არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რასაც არ იზიარებენ მოსარჩელეები. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მათი საჩივარი ექვემდებარემოდა არათუ განხილვას, არამედ - დაკმაყოფილებას და სააგენტოს მხრიდან უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი მის წარმოებაში მიღებაზე.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 და 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულის გამოთვლის კანონიერების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან არის დარეგისტრირებული. ოჯახი 204 ლარის ოდენობით შემწეობას 2014 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრამდე იღებდა, ვიდრე მისი მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების შედეგად 74130 ქულის მინიჭების გამო არ შეუწყდა იგი.
2014 წლის 18 დეკემბერს მ. ჩ-ემ განცხადებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა, რომლითაც მიუთითა, რომ სოციალურმა აგენტმა ოჯახის მდგომარეობა ძველი წესით აღწერა, რასაც აპროტესტებდა. განცხადებით მისმა ავტორმა მოითხოვა ოჯახის მდგომარეობა გადამოწმებულიყო ხელახლა, ახალი წესით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გათვალისწინების გარეშე, ძველი წესით გადამოწმების შემთხვევაში კი, ქულის მინიჭება მომხდარიყო მისი საბინაო პირობების, სიდუხჭირის გათვალისწინებით. განცხადების მიხედვით, ოჯახის მდგომარეობა 28720 სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ არ გაუმჯობესებულა, თუ არ იქნება მხედველობაში მიღებული მეზობლის მიერ ნაჩუქარი ნივთები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრში 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით (№343) მ. ჩ-ემ 2014 წლის 18 დეკემბრის წერილზე რეაგირება მოითხოვა. ამავე დღეს წარდგენილი მეორე №385 განცხადებით კი, მ. ჩ-ემ №343 განცხადების დაზუსტების სახით განმარტა, რომ ითხოვდა ოჯახის გადამოწმებას იმ საფუძვლით, რომ სოციალურმა აგენტმა სააგენტოს არასრული ინფორმაცია მიაწოდა, რაც უნდა ყოფილიყო გასწორებული.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №343 განცხადებს პასუხად ეცნობა, რომ განმეორებით შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ - 2016 წლის 3 იანვრიდან მიემართა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №385 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ხელახალი გადამოწმების თაობაზე სააგენტომ განმარტება 2015 წლის 14 იანვრის წერილით გააკეთა.
2015 წლის 21 იანვარს მ. ჩ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომლითაც 74130 ქულის მინიჭების თაობაზე ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ოჯახისათვის შემწეობის გაცემის განახლება მოითხოვა, ასევე, მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული ყოფილიყო სადავო აქტის მოქმედება. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლად მითითებულ იქნა მასზე, რომ სოციალურმა აგენტმა დეკლარაცია შეავსო იმგვარად, რომ არ გაითვალისწინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახში არსებული ნივთების მესაკუთრისა და მფლობელობის თაობაზე ინფორმაცია, შემოსავლებისა და ხარჯების შესწავლა არ განახორციელა სათანადო გულისხმიერებით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №04/4599 წერილით ა. ჩ-ეს ეცნობა, რომ მ. ჩ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების თაობაზე ინფორმაციას მიიღებდა მოგვიანებით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილით ა. ჩ-ეს, როგორც მ. ჩ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ უფლებამოსილი იყო, 2015 წლის 4 მარტამდე მოეთხოვა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების კორექტირება, თუ გააჩნდა შესაბამისი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებული პრეტენზია ამ მონაცემების უზუსტობის თაობაზე. ამავე წერილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმაზე მითითებით, რომ საჩივრის ავტორი მოითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული წერილები - სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის, 2015 წლის 21 იანვრისა და სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს 2015 წლის 26 იანვრის წერილები მოსარჩელეთა მიმართ სადავო შედეგს არ წარმოშობს. მართალია, 2015 წლის 14 იანვრისა და 21 იანვრის წერილებით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ 2016 წლის იანვრამდე ოჯახის ხელახალი გადამოწმება ვერ განხორციელდებოდა, თუმცა მოსარჩელეთა რეალური ინტერესი იყო არა ხელახალი გადამოწმება, არამედ უკვე განხორციელებული გაამოწმებისა და ქულის დაანგარიშების კანონიერების დადგენა, რაზედაც მოგვიანებით საჩივარი იქნა წარდგენილი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილები არ წარმოადგენენ ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი დაუსაბუთებელია.
სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილს, იგი გამოცემულია რა მ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მოსარჩელეთა სოციალურ უფლებას და მასთან დაკავშირებით ქვემდგომი ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერების საკითხს. შესაბამისად, დასახელებული აქტის კანონიერების დასადგენად უნდა იქნეს შეფასებული მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტით მოპასუხემ ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში არ მიიღო იმაზე მითითებით, რომ სარეიტინგო ქულის დადგენა არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტით, ოჯახის გადამოწმების შედეგების შეცვლა კი მხოლოდ ხელახალი გადამოწმების ან დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების კორექტირების საფუძველზე იყო შესაძლებელი.
სასამართლომ დაადასტურა მოპასუხის განმარტება მასზე, რომ სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა არ განხორციელებულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ არის წარდგენილი სათანადო წესით, ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია, დაუდგინოს მას ხარვეზი, თანახმად ამავე კოდექსის 185-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, ცხადი იყო პრეტენზიის საგანი - ახალი, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და მისგან გამომდინარე, სოციალური შემწეობის შეწყვეტა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, დახმარებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს მოთხოვნის კორექტირებაში, ამის შემდეგ კი, ჩაეტარებინა სათანადო წარმოება, გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა, ასევე გამოეკვლია, დეკლარაციის შევსებისას ჯეროვნად იქნა თუ არა განმარტებული განხორციელებული მოქმედებების მნიშვნელობა, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები თუ პრეტენზიების წარდგენის წესი და პირობები.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად კი, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას.
დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია განემარტა სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში მომსახურე ბიუროკრატიის როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული სოციალური დახმარების სუბიექტების კონფლიქტები შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან. სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა.
სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება. სახელმწიფოს ფუნქცია – უზრუნველყოს საკუთარი ხალხის საჯარო ამოცანების გადაწყვეტა, ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. საზოგადოებრივი და სოციალური სოლიდარობის ეგიდით სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.
ადმინისტრაციული სამართლის, რომლის კერძო ნაწილსაც წარმოადგენს სოციალური დაცვის სამართალი, პრინციპები, როგორიცაა – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის უკიდურესი სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.
სწორედ ზემოაღნიშნული სტანდარტით იყო ვალდებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, განეხილა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი და შეემოწმებინა ქვემდგომი ორგანოს ქმედებების მართლზომიერება, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილი გამოცემული იყო კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავდა მოსარჩელის უფლებას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც, მ. ჩ-ის პრეტენზიების, განმარტებებისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის დეკემბერში განხორცილებეული შემოწმების შედეგად ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისგან გამომდინარე სოციალური შემწეობის შეწყვეტის კანონიერების თაობაზე.
სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავდა მოცემულ სტადიაზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას, რამეთუ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სადავო ქმედებების კანონიერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, ამ მუხლში მითითებული ბრალის ფორმების არსებობის შემთხვევაში კი, მოსამსახურეს, ასევე, ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი ზიანისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემწეობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია სოციალური შემწეობის შეწყვეტის კანონიერებაზე, რაზედაც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა იმსჯელოს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სადავო ქმედებების უკანონობა, მოპასუხე ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს მოსარჩელეს ამ ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილი, 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 წერილი და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე; ამდენად, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, აღნიშნული დასკვნა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს და ეფუძნებოდეს სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართებრივ შეფასებებს, რაც ერთობლიობაში ქმნის გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზლუციო ნაწილების ურთიერთგამომრიცხავობის პირობებში გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის №04-05/167 აქტის ბათილად ცნობის შესახებ (ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შესახებ), ხოლო სამოტივაციო ნაწილის 6.1. პუნქტში სასამართლომ ჩამოაყალიბა სამართლებრივი დასკვნა, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 14 იანვრის წერილი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი იყო დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილის, 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილის, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 წერილის და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილის ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას 2014 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრამდე; 2014 წლის დეკემბრიდან ოჯახის მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა რა 74 130 ქულა შეუწყდა სოციალური შემწეობის გაცემა.
2014 წლის 18 დეკემბერს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომელშიც მიუთითა, რომ აპროტესტებდა ოჯახის მდგომარეობის შეფასებას ძველი წესით, რადგან ამან გამოიწვია ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა 28 720-დან 74 130-მდე. განმცხადებლი მიუთითებდა, რომ ოჯახის მდგომარეობა 28 720 სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ არ გაუმჯობესებულა. 2015 წლის 12 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრში მ. ჩ-ემ წარადგინა №343 და №385 განცხადებები და მოითხოვა როგორც 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება, ასევე არსებული მონაცემების შესწორება, იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის აღწერისას სოციალური აგენტის მიერ არასრულყოფილი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რამაც განაპირობა არარეალური სარეიტინგო ქულის მინიჭება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №343 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განმეორებით შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის მიემართა ერთი წლის შემდეგ - 2016 წლის 3 იანვრიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №385 წერილის პასუხად განემარტა, რომ განმეორებითი გადამოწმების კანონიერი საფუძვლების შესახებ მას ეცნობა 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილით, შესაბამისად, ამ ეტაპზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობდა.
2015 წლის 21 იანვარს მ. ჩ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც 74130 ქულის მინიჭების თაობაზე ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ოჯახისათვის შემწეობის გაცემის განახლება მოითხოვა, ასევე, მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული ყოფილიყო სადავო აქტის მოქმედება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №04/4599 წერილით ა. ჩ-ეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების თაობაზე ინფორმაციას მიიღებდა მოგვიანებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილით ა. ჩ-ეს, როგორც მ. ჩ-ის წარმომადგნელს ეცნობა, რომ უფლებამოსილი იყო 2015 წლის 4 მარტამდე მოეთხოვა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების კორექტირება, თუ გააჩნდა შესაბამისი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებული პრეტენზია ამ მონაცემების უზუსტობის თაობაზე. ამავე წერილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმაზე მითითებით, რომ საჩივრის ავტორი მოითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა კი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
სააპელაციო პალატამ უპირველესად მიუთითა, რომ მ. ჩ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ზემოთ აღნიშნულ არც ერთი განცხადება - საჩივარში არ არის გაცხადებული მოთხოვნა ოჯახის განმეორებითი შეფასების შესახებ, შესაბამისად, სადავო აქტების იმაზე დაფუძნება, რომ განმცხადებელი ითხოვდა ოჯახის განმეორებითი შეფასებას, რომლის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ემ, როგორც პირველივე 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებით, ასევე შემდგომი განცხადებებით (2015 წლის 12 იანვრის №343, №385 განცხადებები) და 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოში სადავოდ გახადა მინიჭებული იმ სარეიტინგო ქულის კანონიერება, რომლის საფუძველზეც მის ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა და ითხოვდა არა შეცვლილი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახის განმეორებით შეფასებას, არამედ 2014 წლის 4 დეკემბერს განხორციელებული შემოწმების შედეგად მინიჭებული ქულების კანონიერების შესწავლა-შეფასებას და აღნიშნული შემოწმების შედეგად მინიჭებული ქულების შეცვლას.
სააპელაციო პალატის მითითებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია 2015 წლის 30 იანვრის აქტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი (ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში) იმაზე მითითებით, რომ არ დაიშვებოდა საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე, იმდენად, რამდენადაც საჩივრის ავტორი ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ზემოთ აღნიშნული პოზიცია და მიიჩნია, რომ როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 და 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული წერილებით მ. ჩ-ეს რეალურად უარი ეთქვა 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული უარი უკანონო იყო შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სადავო აქტების შინაარსის ერთობლიობაში შეფასების შედეგად, რაც ასევე გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციიდანაც, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა განხილული, ვინაიდან სარეიტინგო ქულის დადგენა არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.3. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამასთან, ამავე კოდექსის 185-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ არის წარდგენილი სათანადო წესით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუდგინოს მას ხარვეზი. მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი განცხადების, რაც თავისი შინაარსით არის ადმინისტრაციული საჩივარი, პრეტენზიის საგანი იყო დადგენილი სარეიტინგო ქულის (74 130) და მისგან გამომდინარე სოციალური შემწეობის შეწყვეტის კანონიერება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ზაკ-ის მე-13 თავის შესაბამისად ვალდებული იყო განეხილა აღნიშნული საჩივარი ზაკ-ის მე-6 თავით დადგენილი წესებით, რა დროსაც უნდა გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სადავო აქტები უკანონოდ მიიჩნია, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ზაკ-ის 60 1.1. მუხლის, ასკ-ის 22-ე და 32.1. მუხლების შესაბამისად. ამასთან, ასკ-ის 24-ე და 331 მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელის ინტერესის რეალური დარღვევა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმით.
ამასთან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მატარიალური და მორალური ზიანის (1000-1000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ აფუძნებენ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სადავო აქტის მოქმედების შეუჩერებლობით გამოწვეულ ზიანს. შესაბამისად, ზიანის მოთხოვნის საფუძვლიანობის განმსაზღვრელია ადმინისტრაციულმა ორგანომ დარღვია თუ არა კანონის მოთხოვნა, იმდენად, რამდენადაც ზაკ-ის 207-ე-208-ე მუხლების, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად, ზაინის ანაზღაურების საფუძველია სახელმწიფო მოსამსახურის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა ანუ სახეზე უნდა იყოს სახელმწიფო მოსამსახურის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება - სარეიტინგო ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად წარმაოდგენს ადმინისტრაციული საჩივრის საგანს, მაგრამ ამავე კოდექსით დადგენილი არ არის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შეჩერება და ვერც იქნება, რადგან ქმედება არის ფაქტი და ასეთის პირობებში უკვე სახეზეა დამდგარი რეალური შედეგი. კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდება გასაჩივრებული აქტის მოქმედება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მიუთითებდა, რომ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების - ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.1, 84.1, 85.3 მუხლების დარღვევით. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.15წ. აქტის შეჩერების ნაცვლად სააპელაციო სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მათი 18.12.14წ. საინფორმაციო წერილის გამოკვლევა დაავალა. სააპელაციო სასამართლომ დოკუმენტი ქულების მინიჭების შესახებ ანუ ამონაწერი სოც. დაუცველთა ბაზიდან, მიიჩნია ქმედებად, ფაქტად, რაც ზაკ-ის 184-ე მუხლით ვერ შეჩერდებოდა, რასაც არ ეთანხმებიან კასატორები და მიუთითებენ ასკ-ის 24-ე მუხლზე.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 32(1,2) და 33(2) მუხლები და გამოიყენა ის, რაც არ უნდა გამოეყენებინა - 32(4) და 33(1) მუხლები.
ამასთან, კასატორების მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიტანა უმოტივაციოდ, სსსკ-ის 257-ე მუხლის დარღვევით.
კასატორების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმიდან ამოიღო გამოცხადების ოქმი და ჩადო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რის გამოც მათ შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს დარღვეული საპროცესო ნორმის განხილვა და მათი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რაზეც არ ისმჯელა სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მათი 14.02.17წ. შუამდგომლობის განხილვასა და დაკმაყოფილებას ითხოვენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულის გამოთვლის კანონიერების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილი, 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 წერილი და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას 2014 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრამდე. 2014 წლის დეკემბრიდან, ოჯახის მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების შედეგად, ოჯახს მიენიჭა რა 74 130 ქულა, შეუწყდა სოციალური შემწეობის გაცემა.
2014 წლის 18 დეკემბერს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომელშიც მიუთითა, რომ აპროტესტებდა ოჯახის მდგომარეობის შეფასებას ძველი წესით, რადგან ამან გამოიწვია ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა 28 720-დან 74 130-მდე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ოჯახის მდგომარეობა 28 720 სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ არ გაუმჯობესებულა. ამასთან, 2015 წლის 12 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრში მ. ჩ-ემ წარადგინა №343 და №385 განცხადებები და მოითხოვა როგორც 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება, ასევე არსებული მონაცემების შესწორება, იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის აღწერისას სოციალური აგენტის მიერ არასრულყოფილი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რამაც განაპირობა არარეალური სარეიტინგო ქულის მინიჭება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №343 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განმეორებით შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის მიემართა ერთი წლის შემდეგ - 2016 წლის 3 იანვრიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილით მ. ჩ-ეს 2015 წლის 12 იანვრის №385 წერილის პასუხად განემარტა, რომ განმეორებითი გადამოწმების კანონიერი საფუძვლების შესახებ მას ეცნობა 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 წერილით, შესაბამისად, ამ ეტაპზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობდა.
2015 წლის 21 იანვარს მ. ჩ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც 74130 ქულის მინიჭების თაობაზე ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ოჯახისათვის შემწეობის გაცემის განახლება მოითხოვა, ასევე, მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო სადავო აქტის მოქმედება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №04/4599 წერილით ა. ჩ-ეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების თაობაზე ინფორმაციას მიიღებდა მოგვიანებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილით ა. ჩ-ეს, როგორც მ. ჩ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ უფლებამოსილი იყო 2015 წლის 4 მარტამდე მოეთხოვა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების კორექტირება, თუ გააჩნდა შესაბამისი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებული პრეტენზია ამ მონაცემების უზუსტობის თაობაზე. ამავე წერილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმაზე მითითებით, რომ საჩივრის ავტორი მოითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სადავო სარეიტინგო ქულის დადგენა და შემწეობის შეწყვეტა კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №04-05/154 და 2015 წლის 21 იანვრის №04-05/290 წერილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №0-4599 და 2015 წლის 30 იანვრის №04/6627 წერილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
კასატორები მათ მოთხოვნას ძირითადად იმ გარემოებაზე აფუძნებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არასწორი ინფორმაციით შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის გამო შეუწყდათ სოციალური შემწეობის გაცემა. კასატორთა მიზანს 2014 წლის 4 დეკემბერს განხორციელებული შემოწმების შედეგად გაზრდილი ქულების კანონიერების შესწავლა-შეფასება და მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულის შეცვლა წარმოადგენს. ამასთან, კასატორებს კანონიერი ინტერესი გააჩნიათ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულის შეჩერების მიმართ და მოცემული დავის ფარგლებში მათ ძირითად მოთხოვნას სწორედ მათი ოჯახის გადამოწმების შედეგად მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულის შეჩერება და გაზრდილი ქულების შეცვლა წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მ. ჩ-ემ, როგორც პირველივე 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებით, ასევე შემდგომი განცხადებებით (2015 წლის 12 იანვრის №343 და №385 განცხადებები) და 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოში სადავოდ გახადა მინიჭებული იმ სარეიტინგო ქულის კანონიერება, რომლის საფუძველზეც მის ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა და ითხოვდა არა შეცვლილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახის განმეორებით შეფასებას, არამედ 2014 წლის 4 დეკემბერს განხორციელებული შემოწმების შედეგად მინიჭებული ქულების კანონიერების შესწავლა-შეფასებას და აღნიშნული შემოწმების შედეგად მინიჭებული ქულების შეცვლას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სადავოდ ხდიდნენ და არ ეთანხმებოდნენ მინიჭებულ იმ სარეიტინგო ქულას, რომლის საფუძველზეც ჩამოერთვათ სტატუსი და მათ ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობის გაცემა. მოსარჩელეთა მოთხოვნა ახალი ქულების მინიჭების პროცედურების კანონიერების შემოწმებას ეფუძნებოდა. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ მათთვის გაზრდილი ქულების კანონიერებას, რომელმაც გადაწყვიტა მათთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტისა და სტატუსის ჩამოერთმევის საკითხი. მოსარჩელეთა მიზანია აღდგეს 2014 წლის 4 დეკემბერს მათი ოჯახის შეფასებამდე და ახალი ქულების უკანონოდ მინიჭებამდე არსებული მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა. სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმ მოცემულობით, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და რომ მას კანონისმიერი ვალდებულება ჰქონდა განეხილა მ. ჩ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სარეიტინგო ქულების შეჩერების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეები ასევე სადავოდ ხდიან მათ მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას გაზრდილი სარეიტინგო ქულის შეჩერებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერებას. მოსარჩელეები მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე აფუძნებენ სწორედ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სადავო აქტის მოქმედების შეუჩერებლობას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებუილი აქტები არ შეიცავს დასაბუთებას აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ხოლო სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება - სარეიტინგო ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის საგანს, მაგრამ ამავე კოდექსით დადგენილი არ არის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შეჩერება და ვერც იქნება, რადგან ქმედება არის ფაქტი და ასეთის პირობებში უკვე სახეზეა დამდგარი რეალური შედეგი. კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდება გასაჩივრებული აქტის მოქმედება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“
ამდენად, მოსარჩელეებისთვის მათი ოჯახის გადამოწმების შედეგად მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულის შეჩერებაზე უარის თქმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სარეიტინგო ქულის მინიჭება წარმოადგენდა ქმედებას, რომლის შეჩერებაც არ დაიშვებოდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთი მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორე მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზანს წარმოადგენს უფლებებში ეფექტური აღდგენა და სადავო აქტისა თუ ქმედების კანონიერების გადასინჯვით მისთვის სასურველი მდგომარეობის აღდგენა.
ადმინისტრაციული წესით უფლებების დაცვისას ამგვარი უზრუნველყოფის გარანტიებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლი, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას; ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე; დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფორმალური მიდგომის საფუძველზე, სადავო სარეიტინგო ქულების ქმედებად მიჩნევით, გამორიცხა აღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი).
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე. ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სარეიტინგო ქულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებისა და მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომელიც უშუალოდ განსაზღვრას ოჯახის სამართლებრივ მდგომარეობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. სწორედ სარეიტინგო ქულით წყდება შემწეობის გაცემა/არ გაცემის საკითხი და სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ რიგი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება; ხოლო სარეიტინგო ქულის გამოთვლის წესი თუ უშუალოდ ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის მიწოდების ფორმა, გავლენას ვერ მოახდენს სარეიტინგო ქულის აქტად მიჩნევაზე, ვინაიდან, განმსაზღვრელია არა მისი ფორმა, არამედ მისი სამართლებრივი ბუნება. მოსარჩელეთა პრეტენზიებიც გამოწვეულია სწორედ სარეიტინგო ქულის ოდენობით, რომელმაც გადაწყვიტა მათი ოჯახისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სარეიტინგო ქულის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარისთვის სარეიტინგო ქულის მოქმედების შეჩერების მნიშვნელობისა და სარეიტინგო ქულის მოქმედების შეუჩერებლობით დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, ასევე თავად ადმინისტრაციული საჩივრის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და გამორიცხავს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სარეიტინგო ქულის მოქმედების შეჩერების დაუშვებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ფორმალურ ხასიათს იძენს და იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს პირის უფლებებში სრულად აღდგენის შესაძლებლობას.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, როგორც თავად გაზრდილი სარეიტინგო ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მისცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო, მითითებულ მუხლში დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, წყვეტს აქტის მოქმედების შეჩერების საკითხს, რაც შეიძლება ცალკე დავის საგანიც გახდეს მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (რაც მოსარჩელეთა მტკიცებით გამოწვეულია სწორედ გაზრდილი სარეიტინგო ქულის შეუჩერებლობით), ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე სადავო სარეიტინგო ქულის შეჩერების მოთხოვნაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებენ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 21 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სადავო სარეიტინგო ქულის მოქმედების შეუჩერებლობას, რაც არ ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიებს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო მათი საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, რა დროსაც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი სწორედ მათი მოთხოვნის დასაბუთებულობა იქნებოდა, რის გამოც უსაფუძვლოა კასატორთა შუამდგომლობები 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების განმარტებისა და ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ოქმთან დაკავშირებით მათ შუამდგომლობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობით იწყებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ოქმთან დაკავშირებით მათი პრეტენზიების გაზიარების პირობებშიც აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო მათ მიერ სადავოდ ქცეული ყველა აქტი, რაც უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, კასატორთა მიერ მითითებულ სარეზოლუციო ნაწილში მოხსენიებული 2015 წლის 14 იანვრის წერილი, რომელიც კასატორთა მტკიცებით, ამოღებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, დღეის მდგომარეობით ბათილად არის ცნობილი.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებას, რაზეც ასევე პრეტენზიებს გამოთქვამენ კასატორები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოაცხადოს საქმის ზეპირი განხილვის დასრულებისთანავე, არამედ გადადოს გონივრული ვადით, თუ საქმე რთული გადასაწყვეტია. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად რთულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული კონკრეტული საქმე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2017 წლის 10 მარტის სხდომიდან გადადო 2017 წლის 17 მარტს, რაც მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის დარღვევას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის 2014 წლის 18 დეკემბრის „წერილის“ განხილვის დავალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის შემდგომ, მას შემდეგ რაც მოხდა ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის ოჯახის მდგომარეობის შეფასება, სადაც აისახა ნივთები, რომელთაც შეეძლოთ გაეზარდა ოჯახის სარეიტინგო ქულა, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო შეფასების შედეგების გავლენა მათ სტატუსსა და შემწეობის გაცემაზე და 2014 წლის 18 დეკემბრის წერილის შინაარსიც სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ოჯახის შეფასებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების, მათ შორის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რა დროსაც სახელმწიფო გარკვეული კატეგორიის პირების დახმარებას უზრუნველყოფს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად „ამ პაქტის წევრი სახელმწიფოები ცნობენ ყველას უფლებას სოციალურ უზრუნვეყოფაზე...“, მე-11 მუხლი კი ადგენს „უფლებას ცხოვრების სათანადო დონეზე.“
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, სარეიტინგო ქულის მინიჭების კანონიერებაზე მსჯელობასთან ერთად, საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე უნდა იმსჯელოს სარეიტინგო ქულის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი