Facebook Twitter

საქმე # 330310014404465

საქმე Nბს-988-984(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - თ. ხ-ე (მოსარჩელე) სსიპ საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტო (მოპასუხე) თ. ხ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირები - მცხეთის რაიონის გამგეობა, საბურთალოს რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, გ. ხ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-ემ 2014 წლის 10 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 03.11.2004 წლის N... და N... (საკადასტრო კოდი ... და ...) უძრავი ქონების გ. ხ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.01.2006 წლის N... და N... (საკადასტრო კოდი ... და ...) უძრავი ქონების მცხეთის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.01.2014 წლის N19942 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.01.2014 წლის N21050 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, N... და N... განცხადებების მიხედვით რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმის განხილვაში, მესამე პირად ჩაბმული იქნა მცხეთის რაიონული გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ხ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მესამე პირად ჩაბმულნი იქნა საბურთალოს რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 03.11.2004 წლის N... და N...გადაწყვეტილებები (საკადასტრო კოდი ... და ...) უძრავი ქონების გ. ხ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც თ. ხ-ემ, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით, თ. ხ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორის - თ. ხ-ის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია თ. ხ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე სადავო გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

კასატორს მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია არა მარტო კონკრეტულ ტრანზაქციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ მასთან დაცულ რეგისტრირებულ მონაცემებზე. შესაბამისად, თ. ხ-ის უფლების შეზღუდვაზე პასუხისმგებელია საჯარო რეესტრი და სწორედ მან უნდა დაასაბუთოს, რომ ეს შეზღუდვა კანონიერ საფუძვლებს ემყარება.

კასატორის მიუთითებს სასამართლოს განმარტებაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი არის აღსასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი, თუმცა, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა აღსრულების სავალდებულოობა. სასამართლო გადაწყვეტილებას მაშინ აქვს აღსასრულებად სავალდებულო ხასიათი, თუკი მისი აღსრულება შესაძლებელია. თუკი სხვა გარემოებების თუ საფუძვლების გამო მისი აღსრულება ობიექტურად გამორიცხულია, მაშინ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად სავალდებულო ხასიათზე მსჯელობა არ დაიშვება.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში დაცული დოკუმენტაციის არასწორად შეფასების შედეგად, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

კასატორი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2013 წლის 1 ოქტომბერს მიმართა თ. ხ-ის წარმომადგენელმა - მ. ბ-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 550 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მდებარე თბილისი, სოფელი ... .

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 07 ოქტომბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები იმ მოტივით, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში (საკადასტრო კოდით ...; ...); ასევე, საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული უძრავი ნივთის მისამართი არ შეესაბამებოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ უძრავი ნივთის მისამართს. ამდენად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის, შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (50 ლარის ოდენობით), კომლის წევრთა შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაციის და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2013 წლის 07 ნოემბერს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №... და №... გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოებები შეწყდა.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია მცხეთის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის №...; №... თარიღი: 31.01.2006 წ. შესაბამისად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ პრიმა ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

კასატორის განმარტებით, სააღრიცხვო ბარათზე დატანილია ინფორმაცია, რომ გ. ხ-ეზე სადავო რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე. ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია, ცხადია არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სასამართლო აფასებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების დროს ისეთი სახის პროცესუალური დარღვევები, რომლებიც გამოიწვევდა აქტის ფორმალურ უკანონობას, ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას, რომ სადავო აქტები მატერიალურად უკანონოა. თუმცა სასამართლო ვერ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რაც გახდებოდა საფუძველი აქტის მატერიალური უკანონობისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორეი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეში დაცულია გ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გ. ხ-ისათვის გამოყოფილი ხუთივე მიწის ნაკვეთი არსებითად განსხვავდება ამჟამად ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისაგან, აღნიშნული მიწის ნაკვეთების 2004 წელს განხორციელებული რეგისტრაციის რაიმე სამართლებრივი საფუძველი მოძიებული ვერ იქნა. ასევე ვერ იქნა მოძიებული რაიმე დოკუმენტაცია, რაც უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით გ. ხ-ის მიმართვის ფაქტს დაადასტურებდა. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში ასევე არ არის დაცული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაციისა და მის საფუძველზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათის შექმნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ამდენად, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ გ. ხ-ის სახელზე სადავო უძრავი ნივთების რეგისტრაცია არ შეესაბამება იმჟამად მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, ასევე არ დგინდება, სადავო რეგისტრაციებით, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დადასტურდა თუ არა გ. ხ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფაქტობრივი მდგომარეობა სახელმწიფო რეგისტრაციით.

რაც შეეხება თ. ხ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ საკასაციო საჩივრის საფუძველებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.01.2006 წლის N... და N... გადაწყვეტილებები (საკადასტრო კოდი ... და ...) უძრავი ქონების მცხეთის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.01.2014 წ. N19942 და 31.01.2014 წ. N21050 გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება მათი გამოცემისას მოქმედ სამართლებრივ ნორმებს და არ დარღვეულა მათი გამოცემის ან მომზადების რაიმე წესი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორები დამატებით ვერ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ხ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივნისის განჩინება;

4. კასატორს - თ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს15.11.2017 წ. №1 საგადასახადო დავალებით მ. ბ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ202238621) დაუბრუნდეს 09.11.2017 წ. №31876 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე