Facebook Twitter

საქმე #330310016001481122

#ბს-135-135(კ-18) 3 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 24 აგვისტოს თ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის #622972 ბრძანების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის #1709177 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის თ. ტ-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და თ. ტ-ისთვის განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის #622972 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის #1709177 ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; თ. ტ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.01.2017წ. #153785 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 9.03.2016წ. #600050 ბრძანება, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ და დამტკიცდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს საშტატო განრიგი თანდართული დანართის შესაბამისად, რაც კასატორის მოსაზრებით, წარმოუდგენელს ხდის 11.03.2016წ. #622972 და 11.07.2016წ. #1709177 ბრძანებების ბათილობის შემთხვევაში სხვაგვარი აქტების გამოცემას, რითაც კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თ. ტ-ე.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის დავალება თავიდან იმსჯელოს ახალი ბრძანების გამოცემის შესახებ, შეუსაბამო და დაუსაბუთებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ 11.07.2016წ. #1709177 ბრძანება გამოცემულია კანონის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

დადგენილია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის #622972 ბრძანებით შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის მაიორი - თ. თ. ძე ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს განკარგულებაში 2016 წლის 9 მარტიდან. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის #1709177 ბრძანებით კი, თ. ტ-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

ასევე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 9 მარტის #600050 და 2013 წლის 12 დეკემბრის #2535224 ბრძანებების შესაბამისი დანართებით დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს“ ეწოდა „სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველო“.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. ამავე კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ სამმართველოში რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ ... სამმართველოს მე-... განყოფილების შტატები რაოდენობრივად არ შეცვლილა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსის მოადგილის, პოლიციის მაიორის თ. თ. ძე ტ-ის ფუნქცია-მოვალეობები შესაბამისობაში მოდის ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (გმს ინსპექტორი) ფუნქცია-მოვალეობებთან. ფაქტობრივად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსის მოადგილის ფუნქციების განხორციელება შეითავსა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (გმს ინსპექტორი) თანამდებობამ, თუმცა, შეცვლილი სახელწოდებით. შესაბამისად, ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით თ. ტ-ის შტატი კვლავ არსებობს სამმართველოში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზაცია, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების ერთ-ერთი განმაპირობებელი კანონისმიერი საფუძველი შტატების შემცირებაა. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია. მართალია, შეიცვალა დასახელება იმ სტრუქტურული ერთეულისა, სადაც თ. ტ-ეს ეკავა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ცვლილებებს შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება, გამორიცხავდა ამ საფუძვლით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო თ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი