Facebook Twitter

საქმე #330310016001536197

#ბს-136-136(კ-18) 3 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ს. თ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ს. თ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 14 265.77 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე - ს. თ-ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა არ გაიზიარა გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში მითითებული გარემოება. სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასამართლომ ისე მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე, რომ არც კი გამოიკვლია „პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის #36 დადგენილების მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისთვის გამოსაყოფი გრანტი გაიცემა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის ან სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

კასატორის განმარტებით, დადგენილების აღნიშნული ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ს. თ-ის მიერ გამოყოფილი გრანტი სახელმწიფოს მიერ გაცემული იყო საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით. თავის მხრივ, აკადემიური ხარისხის მიღება დასტურდება მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტით, დიპლომით (სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები, ასევე არასწორად ათვალა ხანდაზმულობის ვადა 2010 წლის მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 4 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის უფლებამონაცვლე) ს. თ-ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და ს. თ-ეს შორის 2009 წლის 27 ივლისს დადებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებლის საფასურის 6 042 ევროს კვარტალურად მის პირად ანგარიშზე გადარიცხვა. 2010 წლის 18 მარტის #14 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ს. თ-ეს გადაერიცხა 14 265.77 ლარი.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.2 მუხლის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

მოცემულ შემთხვევაში, გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრულია პირობა, რომლის მიხედვითაც, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს Pantheon University of Paris (Law Departament) სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

მოპასუხე ს. თ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ 2009/2010 წლებში Pantheon University of Paris (Law Departament) სწავლის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია 2009 წლის 24 ივლისის სორბონის უნივერსიტეტი პარიზი1 საუნივერსიტეტო რეგისტრაციის დასკვნა ს. თ-ის სახელზე, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის მიერ მას ნება დაერთო 2009/2010 წლებში სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო სამართლის სპეციალობით რეგისტრაციაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია მის სახელზე გაცემული 2009/2010 წლებში სორბონის უნივერსიტეტი პარიზი1 სტუდენტური ბარათი #10727875, ასევე წარმოდგენილია მოპასუხის სახელზე გაცემული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და სტუდენტის სოციალური დაცვის ბარათი.

ს. თ-ის მიერ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მხარეთა შორის გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს. თ-ისათვის მიზნობრივი ფულადი სახსრების გადაცემა Pantheon University of Paris (Law Departament) სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ხელშეკრულების 1.1. პუნქტი), ს. თ-ის მიერ მითითებულ უნივერსიტეტში სწავლების ფაქტი კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და ს. თ-ეს შორის 2009 წლის 27 ივლისს დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 18 მარტს გაცემული - 14 265.77 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლების პერიოდს და ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი