Facebook Twitter

#ბს-143-143(კ-18) 3 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 4 მაისს ზ. ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 აპრილის #ბ36.01170953 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისთვის ზ. ძ-ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისთვის ზ. ძ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 27 ნოემბრიდან - მისი გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1040 ლარის ოდენობით (ხელზე გასაცემი თანხის სახით) იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ძ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ზ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ძ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის დანაწესი, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან, სასამართლოს არ გამოუყენებია „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ დანართი, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ატესტაციის, როგორც თითოეული ეტაპის შეფასების წესი, ასევე საბოლოო შედეგის წესი.

ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამტკიცებულად მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზეული კომისიის მიერ ზ. ძ-ის შეფასება, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ასევე, არასწორად მიიჩნია კანონიერად ზ. ძ-ის სამსახურიდან გათავისუფლება ატესტაციის მთლიანი ეტაპების წარუმატებლად გავლის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ძ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ზ. ძ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2014 წლის 27 ნოემბრის #67 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის #3ბ163915 განჩინებით არ დაკმაყოფილდა ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული მასალების თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ეხებოდა სწორედ ატესტაციის ბოლო ეტაპის გასაუბრების ხელახლა ჩატარებას ზ. ძ-ის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქმეში დაცული არ იყო გასაუბრების მიმდინარეობის, დასმული შეკითხვების და მათზე გაცემული პასუხების ამსახველი მტკიცებულებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის მატარებელი მასალები არ იძლეოდა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას. სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ ზ. ძ-ესთან ჩაატარა ხელახალი გასაუბრება და განახორციელა მისი აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საქმის განმხილველმა სასამართლომ ამ უკანასკნელის შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის წევრებმა ზ. ძ-ეს დაუსვეს შეკითხვები საანგარიშო პერიოდში მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან, მის ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, დადგენილია, რომ სპეციალიზებულმა კომისიამ ზ. ძ-ე შეაფასა უარყოფითად და მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მითითებისამებრ ზ. ძ-ესთან ხელახლა ჩატარებული გასაუბრების ეტაპი წარმართა გამჭირვალედ და ობიექტურად, კერძოდ, განახორციელა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რამაც შესაძლებელი გახადა, დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების მიხედვით დადგენილიყო, თუ რამდენად ობიექტურად მოხდა ზ. ძ-ის შეფასება. შესაბამისად, დასმული შეკითხვები ემსახურებოდა ზ. ძ-ის დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან ძირითადად ეხებოდა უშუალოდ მის საქმიანობას, რასაც ახორციელებდა დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 აპრილის #ბ36.01170953 ბრძანებით ამავე გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ნავთლუღის უბნის სამსახურის (განყოფილების) ... ზ. ძ-ე, სწორედ ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გათავისუფლდა თანამდებობიდან, 2014 წლის 27 ნოემბრიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ატესტაციის ჩატარების წესის ან პროცედურის დარღვევა ვერ იქნა გამოვლენილი და ზ. ძ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი