საქმე ბს-613-610 (გ-17) 24 მაისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე მ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ქ-ემ 07.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2016წ. გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.11.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 30.08.2016წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. ამბროლაურში, .... №33-ში მდებარე უძრავ ნივთზე - 258 კვ.მ. ნახევარსარდაფზე (ყოფილი ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.09.2016წ. გადაწყვეტილებით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა საკუთრების წარმოშობის დამდგენი საკმარისი დოკუმენტაცია, მ. ქ-ეს დაევალა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.10.2016 წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ქ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 07.11.2016 წ. გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ტექ. ბიუროში დაცული და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მასალები ქმნიან საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების მოუძიებლობის მიუხედავად, ამბროლაურის რაიოკოოპერატივის გამგეობის 13.07.1990წ. დადგენილებითა და ნასყიდობის თანხის გადახდის ქვითრით უტყუარად დასტურდება ყოფილი ... მოსარჩელის მამისათვის მიყიდვის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, დავის საგანს წარმოადგენს, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 10.10.2016 წ. გადაწყვეტილების, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.11.2016 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუმცა ეს უკანასკნელი მიღებულია იმერეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე, შესაბამისად, დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სწორედ ქვემდგომი ორგანოს ქმედების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის გათვალისწინებით, წარდგენილი სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი (მის.: ქ. ამბროლაური, მ. კოსტავას ქ. №20). ამდენად, მ.ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 20.01.2017წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტი - 10.10.2016 წ. გადაწყვეტილება მიღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ი. აბაშიძის ქ. №20-ში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული ორგანოს მიმართ, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, დავა უნდა განიხილოს სასამართლომ იმერეთის რეგიონალური ოფისის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია არა უძრავი ქონების მდებარეობა, არამედ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამომცემი ორგანოს ადგილსამყოფელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2017 წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.06.2017 წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016 წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2, მე-5, მე-6 და მე-10 მუხლების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც იმერეთის რეგიონული ოფისი, ასევე ამბროლაურის ფილიალი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ სამსახურებს. ამავე დებულების 30-ე, 31-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფილიალი ისევე, როგორც რეგიონული ოფისი მონაწილეობს რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში და მინიჭებული აქვს შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაშიც სასამართლოს მოსაზრებით იგულისხმება სწორედ ფილიალის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები. კანონმდებლობა არ გამორიცხავს ფილიალის ადგილსამყოფილის მიხედვით დავის განხილვის შესაძლებლობას, „დებულების“ მიხედვით ფილიალი არ არის რეგიონალური ოფისის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამასთანავე, ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად განსჯადობის ზემოაღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას.
მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.11.2016წ. =294342 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის 10.10.2016წ. N882016577031-04 გადაწყვეტილება). დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის გადაწყვეტილებას, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოს და იმერეთის რეგიონალური ოფისის აქტების ბათილად ცნობას, უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ქ. ამბროლაურში, სადაც ფუნქციონირებს აგრეთვე სააგენტოს ამბროლაურის ფილიალი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 5.1 მუხლის მიხედვით, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი (დებულების 6.2 მუხ.), ამასთანავე, ორივე ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე (დებულების 10.1, 10.4 მუხ.), სამსახურები ანგარიშვალდებულები არიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე (დებულების 10.6 მუხ.). „დებულების“ მიხედვით, რეგიონალური ოფისისა და ფილიალის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება (30.1, 31.1 მუხ.), ორივე მათგანი უზრუნველყოფს სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობას (დებულების 30.2 მუხ. „გ“ ქვ.პ., 31.2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). მართალია ფილიალი უშუალოდ არ გამოსცემს უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის შესახებ აქტებს, თუმცა გარკვეული მოცულობით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, კერძოდ, იღებს განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს გარიგების მხარეების ხელმოწერებს, უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს კორესპონდენციებს, ასრულებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს (დებულების 31.2 მუხ.). თავის მხრივ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის საქმიანობის მიზანია სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება (დებულების 15.1 მუხ.), რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის, სააგენტოს მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, ხელს უწყობს ცალკეულ დასახლებებში მომსახურების პუნქტების რაოდენობის გაზრდას (დებულების 15.2 მუხ. „გ1“ ქვ.პ.). ამდენად, ფილიალი, როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების განმახორციელებელი ორგანო, იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს - დაინტერესებული პირის განცხადებას და თავის უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს აქტის გამოცემის მიზნით მიმდინარე წარმოებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. თავის მხრივ, სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების შესაბამისად დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი. ამ წესის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ქ. ამბროლაურში (კოსტავას ქ. N33), ასევე ქ. ამბროლაურში მდებარეობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის ფილიალი (კოსტავას ქ. N20), რომლის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება (დებულების 6.2 მუხ. „ლ“ ქვ.პ., 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ ფილიალების უფლებამოსილების შეზღუდვა, ფილიალების იურიდიული მისამართის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არ აქცევს არაგანსჯადად, რამდენადაც აღნიშნული გამოიწვევს რეგიონული ოფისების ადგილმდებარეობის მიხედვით იურისდიქციის მქონე სასამართლოების გადატვირთვას და ფილიალების ადგილსამყოფლის მიხედვით, სასამართლოების ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შეკვეცას, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.07.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 3.2 მუხლის თანახმად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, უძრავი ნივთი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანო - ფილიალი მდებარეობს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რის გამოც დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის ზემოაღნიშნული წესი მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ უძრავ ნივთებზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების რეგისტრაციის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე ვრცელდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ.როინიშვილი