საქმე №ბს-673-669(გ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ს. ქ-ას სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ქ-ამ 2017 წლის 26 ივლისს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის ქ. ფოთის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ს. ქ-ას გაუგრძელდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა და გაშვებული ვადა ჩაეთვალოს საპატიოდ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის ქ. ფოთის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3142298 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 14 თებერვლის №მია 01700367443 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 თებერვლის №მია 21700372025 და 2017 წლის 15 მარტის №მია 91700615897 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის №804376 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის ქ. ფოთის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სატრანსპორტო საშუალების „...“ მარკის ავტომანქანა აიყვანონ სავალდებულო რეგისტრაციაზე და იგი დაარეგისტრირონ მოსარჩელე ს. ქ-ას სახელზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით ს. ქ-ას სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ფოთის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ სარჩელში მოპასუხეებს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახური. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, მხოლოდ მომსახურების სააგენტოს სახელით მოქმედებს და სამართლებრივ ურთიერთობებში დამოუკიდებლად გამოსვლის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მხოლოდ მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით სასამართლო დავალება აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე, მომსახურების სააგენტოს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის მიმართ მოკლებული იქნება სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით ს. ქ-ას სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის მიმართ საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს და სარჩელის მოთხოვნა მიმართულია ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დავალდებულებისკენ. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის №MIA 116 03142298 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ის ძირითადი, პირველადი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ს. ქ-ას მიმართ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს. ამდენად, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლის შემთხვევაში, აქტის ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში - გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში - მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახური. ამდენად თბილისის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა ფოთის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ს. ქ-ას სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ს. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ფოთის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნულ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე. ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრაციის განხორციელება, რაზეც უარი ეთქვა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის №MIA 1 16 03142298 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოსარჩელე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურთან ერთად მოპასუხეებად მიუთითებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ითხოვს ქ. ფოთის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად აღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნებასურვილზე, ალტერნატიულობის მიუხედავად კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ასე მაგალითად, უკეთუ ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს აქტების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში ყურადღება მახვილდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ცენტრალური ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე, სასამართლო განსჯადობის საკითხის რაციონალური გადაწყვეტის მოსაზრებები განაპირობებენ საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსადმი დაქვემდებარებას, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლო განსჯადობის საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ადგილი აქვს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად უქმდება ტერიტორიული ორგანოს აქტი და ზემდგომი ორგანო საჩივრის დაკმაყოფილების გზით გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ კმაყოფილდება და უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი (იხ. სუს. საქმე №ბს-721-707(გ-14) 16.04.15წ. განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არამხოლოდ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს, არამად აგრეთვე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტები ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება, სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა რგოლის ორგანოებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აქტები გამოცემულია ქ. ფოთის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისთვის - მისი უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სადავო აქტებით არ მიუღით ახალი, ქ. ფოთის სამსახურის გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, არ შეუტანიათ რაიმე ცვლილება გასაჩივრებულ აქტში, ამდენად, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ აქტით მხოლოდ დაადასტურეს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი აქტის მართლზომიერება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა წარმოადგენს სააგენტოს ფუნქციას. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ დებულებითა და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. მე-7 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ტერიტორიული სერვისების ბიურო (მთავარი სამმართველო), „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი მის შემადგენლობაშია რეგიონალური მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია ქ. ფოთის სამსახური. მე-8 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად რეგიონალური მართვის სამმართველო რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის შედეგად მიღებული აქტი, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, მით უფრო, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობა უმეტესად უკავშირდება არა იმდენად საკუთრივ მართვას, რამდენადაც სახელმწიფო მომსახურების გაწევას. განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ მოსარჩელის მიზანია არა სადავო აქტების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით (მიკუთვნებითი სარჩელი(სასკ-ის 23-ე მუხლი)). სარჩელის საბოლოო მიზნის მიღწევა შესაძლებელია კანონმდებლობით უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ფოთის სამსახური. ამასთანავე, შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოახდინოს ზემოქმედება და სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ ბათილად არ გამოცხადდება ადმინისტრაციული ორგანოს ის აქტი, რომლითაც უარყოფილ იქნა განმცხადებლის მოთხოვნა აქტის გამოცემაზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა აქტის გამოცემაზე, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ, მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი, არსებითი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი (სასკ-ის 32.4 მუხლი).
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია წარმოადგენს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფოთის სამსახურის უფლებამოსილებას, ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული მოსაზრებები ადასტურებენ განსახილველი დავის მოპასუხე ტერიტორიული ადმინისტრაციული ორგანოს მდებარეობის მიხედვით განსჯადობით დაქვემდებარების საჭიროებას.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ფოთის საქალაქო სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ფოთის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე