საქმე Nბს-301-301(2კ-18) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე); 2. ა. ჟ-ა (მოსარჩელე)
მოსარჩელეები: თ. შ-ე; კ. შ-ე
მესამე პირი - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჟ-ამ, კ. შ-ემ და თ. შ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 500 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 150 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჟ-ას, კ. შ-ისა და თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ჟ-ას, კ. შ-ისა და თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ა. ჟ-ამ, კ. შ-ემ და თ. შ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ჟ-ას, კ. შ-ისა და თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ა. ჟ-ამ, კ. შ-ემ და თ. შ-ემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რომლებსაც უთითებდა სააპელაციო საჩივარში მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ა. ჟ-ამ, თ. შ-ემ და კ. შ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რომლებსაც უთითებდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით ა. ჟ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით თ. შ-ისა და კ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჟ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. ამასთან, საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი საჯარო ხელისუფლების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა, იმისთვის, რომ აღნიშნული შეზღუდვა მართლზომიერად ჩაითვალოს, უნდა იყოს კანონის შესაბამისი, ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის აღნიშნული პირობები უნდა არსებობდეს ერთობლივად, რომელიმეს არარსებობა საკუთრების უფლებაში ჩარევის უკანონოდ მიჩნევის საფუძველია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეების საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი არ არის სადავო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდის მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვაში მისი ქმედების არსებობას და ქმედებასა და მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანს შორის ბრალეულობის დადგენას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2009 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობით შეიზღუდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რაც გამოიხატა შემდეგში: ქ. თბილისში, ასათიანის ქუჩის მხრიდან, ბოტანიკური ბაღის გვირაბის მიმდებარედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობა სარგებლობის უფლებით გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; თავდაცვის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით გადაცემული ობიექტის გარდა დაიკავა ობიექტსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებული საერთო სარგებლობის გზა, შეიჭრა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში 50-70 მეტრით, დაკავებული ტერიტორია შემოსაზღვრა ღობით და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყო კომუნიკაციები.
დადგენილია, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ღობე აღებულია, თუმცა განთავსებულია იმგვარად, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებული საერთო სარგებლობის გზა ექცევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ გაიტანა კომუნიკაციები, რასაც სამინისტრო თვითონ მიუთითებს საკასაციო საჩივარში.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული ქმედებები (მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება; მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა) ხელყოფს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას, ვინაიდან ზღუდავს საკუთრების უფლებით შეუფერხებლად სარგებლობას. ამასთან, აღნიშნული ხელყოფა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი (კანონისმიერი ან სახელშეკრულებო) საფუძვლის გარეშე, რაც, საკმარის საფუძველს წარმოადგენს ხელყოფის უკანონოდ მიჩნევისთვის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საკუთრების უფლების ხელყოფას გააჩნია კანონიერი საფუძველი, მაგრამ შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მისი კანონშესაბამისობა. შეზღუდვა, კანონშესაბამისობასთან ერთად, უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ უნდა წარმოადგენდეს თანაბარზომიერ და აუცილებელ ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. თუ რომელიმე ეს კომპონენტი არ არის დაკმაყოფილებული, სახეზეა ძირითად უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს საკუთრების ხელყოფა, თუმცა იმავდროულად დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინტერესების მოთხოვნას შორის, სამართლიანი ბალანსი ვერ დამყარდება თუ მესაკუთრეს „ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი“ დაეკისრება.
ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედებით მოსარჩელეებს ხელი ეშლებათ კუთვნილი უძრავი ქონების გამოყენებაში; საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელეებს სახელმწიფოს მიერ მათი საკუთრების უფლების ხელყოფისთვის სათანადო კომპენსაცია არ მიუღიათ; მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედება (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ) კანონშესაბამისად რომც იქნეს მიჩნეული და გამართლებული საერთო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც აღნიშნული ინტერესის უზრუნველყოფისას მიაყენა მოსარჩელეთა კერძო ინტერესს, რათა დაიცვას სამართლიანი ბალანსი საჯარო და კერძო ინტერსს შორის. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ ქონების მესაკუთრეებს თავიანთი შეხედულებისამებრ სრულყოფილად არ შეუძლიათ სარგებლობის და მფლობელობის უფლებამოსილების განხორციელება, რაც გარკვეულად ნაწილობრივ განკარგვის უფლებამოსილების განხორციელებასაც უშლის ხელს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით (გენერალური დელიქტით) გათვალისწინებულ შემთხვევას.
ამასთან არ არსებობს ა. ჟ-ას საკასაციო საჩივრის მოტივების გაზიარების შესაძლებლობა, რადგან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა, ისინი ამჟამადაც ინარჩუნებენ მესაკუთრის სტატუსს ამ ქონებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს საკუთრებაში რჩებათ მიწის ნაკვეთი, მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობის მიწის ნაკვეთის ღირებულებით განსაზღვრა წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით; ამ ნორმის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავალი უნდა იყოს რეალური და დასაბუთებული და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მარტოოდენ ვარაუდს შესაძლო მოგების მიღების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობა, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საკმარისი საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჟ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე