Facebook Twitter

საქმე Nბს-425-422(კ-17) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „…“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო/აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილება (მოპასუხე)

მესამე პირი - ქ. ბათუმის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-მა“ 2014 წლის 10 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსის 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165 -007/001 წერილის - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა NA14027165 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებისა და 2014 წლის 7 აგვისტოს განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გაცემული N227/13 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,...-ის“ მიერ ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში უნებართვოდ აგებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი. 2013 წლის 16 ოქტომბერს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული იქნა N227 დადგენილება, რომლითაც უნებართო მშენებლობის წარმოების გამო მოსარჩელე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და დადგინდა, რომ მოხდეს ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში მდებარე საზოგადოებრივი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მშენებლობის ნებართვის შესათანხმებლად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

მოსარჩელის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში მდებარე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებობდა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების საკმარისი საფუძველი, ვინაიდან მიმდინარეობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების გატარება მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ამასთან არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს პროექტის შეთანხმების მიზნით დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელის მოსაზრებით გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165-007/001 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „...-ის“ სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, შპს „...-ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა - ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქალაქ ბათუმის აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსის 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165-007/001 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქალაქ ბათუმის აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „...-ის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...-მა“, ქ. ბათუმის მერიამ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ/აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; შპს „...-ის“ (შპს „...“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...-ის“ (შპს „...“) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაშია სააღსრულებო საქმე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №227/13 აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნას წარმოადგენს მოვალის - შპს „... -ის“ მიერ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში უნებართვოდ აგებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, ხოლო მეორე მხრივ შესაძლებელია მოხდეს იმავე ობიექტის დემონტაჟი, ვინაიდან ორივე აღნიშნული შემთხვევა ეხება ერთსა და იმავე საზოგადოებრივ ობიექტს, შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხომ არ არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს იმას, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის საკმარისი, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების შეჩერება და მისი ვადები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განაწილვადებისას − საქმისწარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 183-ე მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების საფუძვლები, რის გამოც შპს „...-ის“ განცხადება საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. მას შემდეგ, რაც 2014 წლის 10 თებერვალს, შპს „... -მა“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არაერთხელ უთხრა უარი - ჯერ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანებით და შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად 2016 წლის 1 თებერვლის მ/146 ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ის გარემოებები, რაც უკავშირდება სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხის შესწავლას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებულ იქნა იმგვარად, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აღსრულების შეჩერების საფუძვლებს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მის ხელთ არსებული მასალების გამოკვლევის შედეგად იმსჯელა და მივიდა დასკვნამდე, რომ მითითებული კანონის 36-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „განსაკუთრებულ შემთხვევად“ ვერ იქნება მიჩნეული სასარჩელო განცხადების ან საჩივრის სასამართლოში წარდგენა, რადგან განსაკუთრებული შემთხვევა არის ინდივიდუალური საკითხი, რომლის დუბლირება მინიმუმამდეა დაყვანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მოვალე მიმართავს სასამართლოს, რის შედეგადაც აღსრულება კოლაფსამდე მივა და აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულება დროში იმდენად გაიწელება, რომ შეიძლება ხანდაზმულიც კი გახდეს. ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ობიექტის მფლობელის, შპს „...-ის“ მიერ წარდგენილ არაერთ განცხადებას ეთქვა უარი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არაერთხელ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რაზედაც უკვე წლებია მიმდინარეობს დავა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით უტყუარადაა დადგენილი და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაშია სააღსრულებო საქმე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ¹227/13 აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნას წარმოადგენს მოვალის - შპს „...-ის“ მიერ ქ. Bბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში უნებართვოდ აგებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი. ასევე უტყუარადაა დადგენილი და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2013 წლის 16 ოქტომბერს გამოცემულ იქნა დადგენილება №227, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შპს „...“ დაჯარიმდა 3000 ლარით უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო, ამავე დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში მდებარე საზოგადოებრივი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

კასატორის მითითებით დადგენილია და სადავო ფაქტს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელესა და ბათუმის მერიას შორის გაფორმდა სასყიდლიანი აღნაგობით მიწის ნაკვეთის გადაცემის ხელშეკრულება 2010 წლის 10 ივნისს, რომლის საფუძველზეც შპს „...-ს“ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში სექტორ №34-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 05.22.01.012. მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით შპს „...-მა“ დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი სამუშაოები. ამ პროცესის ფარგლებში, 2014 წლის 10 თებერვალს, შპს „...-მა“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეს ეთქვა უარი.

კასატორის განმარტებით ასევე დადგენილია და სადავოს მხარეთა შორის არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით (შესულია კანონიერ ძალაში) ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 25 თებერვლის №03/330 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე და ამავე გადაწყვეტილებით დაევალა ქ. ბათუმის მერიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...-ის“ განცხადებაზე, ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ქ. ბათუმის მერიის უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა შპს „...-ს“ სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე, განმეორებითი უარიც გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში და დავა მხარეთა შორის გრძელდება ამ საკითხთან მიმართებით.

კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ ერთი მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, რომლის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „...-ის“ მფლობელობაში არსებული, უნებართვოდ აგებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი და მეორე მხრივ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პროექტის შეთანხმებაზე უარი ბათილად იქნა ცნობილი და პროექტის შეთანხმების საკითხი დღემდე მხარეთა შორის სადავოდ რჩება, ორივე შემთხვევაში საკითხი ეხება ერთსა და იმავე ობიექტს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ...ს ტერიტორიაზე. სწორედ ეს გარემოება ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეეჩერებინა აღსრულების პროცესი, რადგან სახეზე სწორედ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი - განსაკუთრებული შემთხვევაა. ერთი მხრივ, მოსარჩელის წინააღმდეგ დაწყებულია აღსრულების პროცესი და ნაგებობები დგას დემონტაჟის რეალური საფრთხის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, შპს „...-ს“ დაწყებული აქვს მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, რომელ პროცესშიც მოსარჩელემ მიაღწია წარმატებას და ამის დასტურია სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების გაგრძელების პირობებში მოსარჩელისათვის აზრი ეკარგება სასამართლო დავის პროცესში მიღწეულ წარმატებას, რადგან ფაქტობრივად სააღსრულებო პროცესის გაგრძელების და ობიექტის დემონტაჟის შემთხვევაში აღარ იარსებებს ის ობიექტი, რომლის თაობაზეც არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ერთხელ უკვე დაავალა ქ. ბათუმის მერიას სასამართლომ და რომლის ირგვლივ დავა დღესაც გრძელდება.

ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, როდესაც ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული ჰქონდა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით სახეზეა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევა სააღსრულებო საქმის/წარმოების შეჩერებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ 2010 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა სასყიდლიანი აღნაგობით მიწის ნაკვეთის გადაცემის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარის სექტორ №34-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, 7391 კვ.მ. ფართობით (საკადასტრო კოდი: …), საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით.

ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს გამოცემულ იქნა N227 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „...-ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, რომლითაც ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო შპს „...“ დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო შპს „...-ის“ მიერ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში განხორციელებული საზოგადოებრივი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

აღნიშნული დადგენილების აღსრულების მიზნით ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი N227/13, რომლის თანახმად, შპს „...-ის“ მიერ უნდა მოხდარიყო ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში განხორციელებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი.

2014 წლის 3 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განცხადებით მიმართა დელეგირებული ფუნქციების საფუძველზე უფლებამოსილ ორგანოს - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას, წარადგინა ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 1 აპრილის სააღსრულებლო ფურცელი, N227/13 მიმართვა და სააღსრულებლო ფურცლის წარმოებაში მიღება და აღსრულება მოითხოვა. კერძოდ, მოხდეს შპს „...-ის“ მიერ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში განხორციელებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 7 აპრილის NA14027165-004/001 წერილით შპს „...-ს“ ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთან, განემარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და 901-ე მუხლების თანახმად, გაფრთხილებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით მოიყვანოს სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება იძულებით აღსრულება. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 25 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება N03/330 „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“, რომლითაც შპს „...-ის“ 2014 წლის 10 თებერვლის განცხადება ქ. ბათუმში, ... N34, სექტორი N22-ში მდებარე 7391.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N…) საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3-91/14) შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის N03/330 ბრძანება „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ და ქ. ბათუმის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...-ის“ განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... N34, სექტორი N22-ში მდებარე 7391.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.

2014 წლის 7 აგვისტოს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის (სააღსრულებლო ფურცელი N227/13) წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ერთი მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, რომლის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „...-ის“ მფლობელობაში არსებული, უნებართვოდ აშენებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი და მეორე მხრივ, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს უარი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165-007/001 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165-007/001 წერილით ირკვევა, რომ შპს „...-ს“ აღსრულების შეჩერებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ არ არსებობდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების კონკრეტული ღონისძიების გარკვეული ვადით შეჩერება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 901-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევის მიერ დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ. მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში დამრღვევმა ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დამრღვევი არ ემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან/და აღსრულების პოლიციას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს გამოცემულ იქნა N227 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,...-ს“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო შპს „...“ დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და დადგინდა, შპს „...-ის“ მიერ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში განხორციელებული საზოგადოებრივი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი N227/13, რომლითაც დგინდება, რომ მოხდეს შპს „...-ის“ მიერ ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში განხორციელებული საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილებამ 2014 წლის 7 აპრილს NA14027165-004/001 წერილით მიმართა შპს „...-ს“ და აცნობა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შპს „...-ს“ განემარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და 901-ე მუხლების თანახმად, გაფრთხილებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით მოიყვანოს სისრულეში N227/13 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება იძულებით აღსრულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების შეჩერების საფუძვლები და მისი ვადები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 7 აგვისტოს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის (სააღსრულებლო ფურცელი N227/13) წარმოების შეჩერება მოითხოვა. ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2014 წლის 20 აგვისტოს NA14027165-007/001 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებაზე. ამასთან, მოსარჩელეს სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის საფუძვლად განემარტა, რომ სააღსრულებო მოქმედების შეჩერების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნორმაში მითითებული განსაკუთრებული ვითარების უშუალოდ სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას ადგილზე არსებობა, რომლის დადასტურების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იქნება იმსჯელოს იძულებითი აღსრულების კონკრეტული ღონისძიების გარკვეული ვადით შეჩერების მიზანშეწონილობის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების შეჩერების უფლებამოსილების ჩამონათვალს, მათ შორის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება შეაჩეროს აღსრულება განსაკუთრებულ შემთხვევაში - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ნორმა არ ადგენს მხოლოდ ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რამდენადაც მოცემული ნორმით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის განსაკუთრებული უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენს, რა დროსაც სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით წარდგენილი ყოველი კონკრეტული შუამდგომლობის განხილვისას სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში უნდა შეფასდეს სააღსრულებო წარმოების მტკიცებულებები და არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებს. ამდენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების საფუძველი - განსაკუთრებული შემთხვევა გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დროს შეჩერების რეალური და არა სავარაუდო, მოსალოდნელი განსაკუთრებული შემთხვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვაგვარი შედეგის დადგომა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად კასატორის მითითებას, რომ ერთი მხრივ კანონიერ ძალში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, ხოლო მეორე მხრივ შესაძლებელია მოხდეს იგივე საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟი, რამდენადაც მითითებული საფუძველი ემყარება მხოლოდ უფლების მოპოვებაზე უფლებამოსილი პირის ვარაუდს და არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში მყოფი აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის მოქმედების შეჩერების რეალურ - მოქმედ საფუძველს. ამდენად, აღნიშნული გარემოება დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე საკითხის განმხილველ ორგანოს - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას არ აძლევდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას კანონიერების პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე