Facebook Twitter

#ბს-12-12(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 19 ივნისს მ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმში, დასახლება ... მდებარე 193.50 კვ.მ შენობა-ნაგებობის, მასზე დამაგრებული 403.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...) თვითმმართველ ქალაქ ბათუმისთვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 მარტის #02/128 ბრძანების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 14 აპრილის #01-10/1427 მიმართვის ბათილად ცნობა და მისთვის უძრავი ქონების, 193,50 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და 403.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. ბათუმი, ... დასახლება) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირებისთვის ნების დართვა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე მ. დ-ის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მ. დ-ის სარჩელი მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად ის გარემოება, რომ თითქოს საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება მხოლოდ დროებითი შენობის შეძენის ფაქტი და ეს ფაქტი ვერ აქცევს მას შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა მისი არსი და მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 149-ე-150-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96.2 მუხლები, ასევე, საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლი და საქართველოს კანონი „ლეგალიზაციის შესახებ“, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 მარტის #02/128 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქალაქ ბათუმში, დასახლება ... მდებარე 193.50 კვ.მ შენობა-ნაგებობის, მასზე დამაგრებული 403.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...) თვითმმართველ ქალაქ ბათუმისთვის საკუთრებაში გადაცემა.

მ. დ-ის მიერ, იმის დასადასტურებლად, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მას მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა, წარმოდგენილ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის 1991 წლის 18 მარტის #67 ბრძანება, შენობის ტექნიკური მდგომარეობის აქტი, ცნობა #55 და სალაროს შემოსავლის ორდერი #475.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის მითითებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების იმ ნორმათა ჩამონათვალში, სადაც მოცემულია მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. ამავდროულად, დასახელებული სამართლებრივი აქტები მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მოიაზრებს „სხვა დოკუმენტებსაც“, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნებისთვის გათვალისწინებული მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებად ვერ იქნება მიჩნეული.

ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, მის მიერ შეძენილი ნაგებობა წარმოადგენდა უვარგის მდგომარეობაში მყოფ მეტალის პავილიონს, რომელიც იყო უმოქმედო და მისი, როგორც მაღაზიის შემდგომი გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ არსებობს შეძენილი პავილიონის უძრავ ნივთად მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულება. მ. დ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება მისი მხრიდან დროებითი შენობის შეძენის ფაქტი, რა გარემოებაც ვერ აქცევს მხარეს შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად.

ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის #793 ბრძანებულებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ნოემბრის #819 დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა, მიმოსვლის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ქონება გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად, შესაბამისად, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების მეთაური არ იყო უფლებამოსილი განეკარგა ზემოთ მითითებული ქონება, რის გამოც მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ განიხილება უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ დოკუმენტებად. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით სახეზე არ არის მ. დ-ის, როგორც დაინტერესებული პირის კონკრეტული პირადი უფლების (კანონიერი ინტერესის) დარღვევის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. დ-ეს საკასაციო საჩივარზე 23.02.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. დ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. მ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.02.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი