Facebook Twitter

#ბს-47-47(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 14 ივლისს გ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ც. ა-ის მიმართ.

მოსარჩელემ ც. ა-ის ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 დეკემბრის #968 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული #187 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ა-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 დეკემბრის #968 ბრძანება ც. ა-ის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #187.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ა-ემ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა ვერ მიუთითეს ვერც ერთი გარემოება და სამართლებრივი საფუძველი, თუ როგორ დაარღვია ბათუმის მერიამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. უფრო მეტიც, სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის ხანდაზმულობაზე. ასევე, ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება გასხვისებულია მესამე პირზე. კასატორის განმარტებით, საქველმოქმედო ფონდმა „...“ საჩუქრად გადასცა სახლები მათ, ვინც თვითონ ჩათვალა საჭიროდ და ყველა გაჩუქებული სახლის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ის პირები, ვინც წლების განმავლობაში ... მუშაობდა. აღნიშნულ პირებს კი, გადახდილი აქვთ თანხები საცხოვრებელი ბინის აშენებისთვის, რომელიც არ აშენდა და სწორედ ამ ბინების სანაცვლოდ გასცა ფონდმა „...“ ბინები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 დეკემბრის #968 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის #187 კანონიერების შემოწმება, რომლითაც ც. ა-ეს საკუთრებაში გადაეცა 50 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი ბათუმი, ... ქ. #107 „ლ“ ბინა #12.

დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივლისის #499 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ბათუმის ... მცხოვრებ პირთა განსახლების საკითხის შემწავლელი კომისია, რომელმაც 2015 წლის 3 ნოემბერს ჩაატარა სხდომა (ოქმი #1) და კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალაშენებულ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინის გადაცემა მომხდარიყო აღნიშნული ოჯახების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გათვალისწინებით და ამ მიზნით კომისიამ ჩათვალა, რომ ბათუმის ... მცხოვრები პირებისათვის შეთავაზებულ ყოფილიყო მათ მიერ დაკავებული ფართების მიახლოებითი ოდენობის ფართები (ბინები).

ასევე დადგენილია, რომ გ. ჭ-ე და ც. ა-ე 1989 წლის 21 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ბათუმის ... ტერიტორიაზე მდებარე ბინაში. ამასთან, საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, ბათუმის ... მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ც. ა-ის ოჯახი შედგებოდა - 2 წევრისაგან, კერძოდ: ც. ა-ე - ოჯახის უფროსი და გ. ჭ-ე - მეუღლე. ოჯახის მიერ დაკავებული ფართი შეადგენდა - 34.84 კვ.მ-ს.

დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 დეკემბერის #968 ბრძანებით ბათუმის ... ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცათ საცხოვრებელი ბინები და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები. ასევე, #1 დანართის თანახმად გადაეცათ საკომპენსაციო თანხა - 1000 ლარის ოდენობით, სულ 29 000 ლარი. შესაბამისად, ც. ა-ეს საკუთრებაში გადაეცა 50 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. #107 „ლ“ ბინა #12 და ც. ა-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა #187.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. #107 „ლ“ #12-ში მდებარე ბინა (50 კვ.მ) საკუთრებაში უნდა გადაეცა ბათუმის ... ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახისათვის, რომლის წევრსაც ც. ა-ესთან ერთად წარმოადგენდა მისი მეუღლე გ. ჭ-ე, რაც არ განხორციელდა და შესაბამისად, დაირღვა გ. ჭ-ის კანონიერი უფლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. ა-ეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. ა-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. ს. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი