საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-265-265(კ-18) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-ემ 2016 წლის 23 ივნისს სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 24 თებერვლის №12/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის საჩივარი. ასევე მოითხოვა სს ,,...’’ 2015 წლის 2 დეკემბრის №000122 სამართალდარღვევის ოქმისა და სს ,,...’’ 2015 წლის 4 დეკემბრის №000122 დადგენილების - გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 24 თებერვლის №12/18 გადაწყვეტილებისა და სს ,,...’’ 2015 წლის 4 დეკემბრის №000122 დადგენილების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა. აგრეთვე ზ. ფ-ის სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა 2015 წლის 2 დეკემბრის №000122 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-ემ.
ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-ემ. კასატორმა სადავო განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს - ზ. ფ-ეს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება - საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, კასატორს - ზ. ფ-ეს სამჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, ქუთაისი ... N6, N27, რომელიც ვერ ჩაჰბარდა მოუკითხაობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საჯარო შეტყობინების შესახებ ზ. ფ-ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, ზ. ფ-ეს დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, განჩინებაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება სასმართლოს შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამრიგად, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება კასატორს - ზ. ფ-ეს გაეგზავნა 3-ჯერ, რომელიც ვერ ჩაჰბარდა, ამის შემდგომ 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით - საჯარო შეტყობინების შესახებ კასატორს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარ სპეციალისტს - გ. მ-ს გადაეცა 2018 წლის 2 მაისს და ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული 7 - დღიანი ვადის დინება 2018 წლის 3 მაისიდან დაიწყო და 10 მაისს ამოიწურა, ამ ვადაში კი კასატორს სასამართლოსთვის არ მოუმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე