#ბს-196-196(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 6 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის #...-03 და 2013 წლის 10 დეკემბრის #...-06 გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 29 აპრილის #89586 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.13წ. #...-03 და 10.12.13წ. #...-06 გადაწყვეტილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჯ…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.2013წ. #882013425712-03 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, 522474 გრძივ მეტრ ხაზობრივ ნაგებობაზე (კანალიზაციის მილზე) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ამის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 01.11.2013წ. #1/1-999 ბრძანების საფუძველზე მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და ხაზობრივი ნაგებობის ამონაწერში (ს/კ #01.01.755) რეგისტრირებული 522474 გრძ.მ. მილსადენის ამონაწერში ცვლილებების შეტანა და 522476 გრძ.მ მილსადენის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და 10.12.2013წ. #882013590971-06 გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია.
ქალაქ თბილისში, საქ. სამხედრო გზასა და დიდი დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის გადაკვეთაზე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1894.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა შპს „...“ . საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 15.04.2005წ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მოახდინა ხაზობრივი ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ დაინტერესებული პირის მიერ საქმეში წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხაზობრივი ნაგებობის არსებობას შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
მართალია, იმ პერიოდისათვის, რა დროსაც სადავო ხაზობრივი ნაგებობა შესაძლებელია განთავსებულიყო მოცემულ მიწის ნაკვეთზე, არ ხდებოდა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა საჯარო რეესტრის მიზნებისათვის ხაზობრივ ნაგებობას უთანაბრებს უძრავ ნივთს და ადგენს საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014 წ. #19-75 დადგენილებით დამტკიცებული ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული წესის 1.2 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე აუცილებელია თანხმობის გაცემა. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე შპს „...“ თანხმობა სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცული არ იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხაზობრივ ნაგებობაზე თანხმობის გაცემა არ გულისხმობს მხოლოდ მის განთავსებას და ექსპლუატაციაში მიღებას. ხაზობრივი ნაგებობის მფლობელს აქვს ვალდებულება ქონების მოვლა-პატრონობაზე. მოცემულ შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის ვალდებულებაა განახორციელოს ქონების მოვლა-პატრონობა, რისთვისაც საჭიროა ამ უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოში შპს „...“ მიერ წარდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალური საწარმოს „თ…“ 1995 წლის 17 ოქტომბრის #641/110 წერილი ადასტურებს, რომ შპს „...“ კუთვნილ ტერიტორიაზე არ არსებობს არც წყალსადენი და არც საკანალიზაციო მილი. აღნიშნული წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, … და … ჩასახვევი გზის გადაკვეთასთან შუა ზოლში შპს „...“ ა.გ.ს-ის მიმდებარედ წყალსადენის გამანაწილებელი ქსელი არ არსებობს. ობიექტის საკანალიზაციო ქსელი შეიძლება ჩაირთოს დიდი დიღმის დასახლებიდან გამომავალ 1000 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 24 აგვისტოს #19.146.942 დადგენილებით დაკმაყოფილდა შპს „...“ თხოვნა და ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი, როგორც დროებითი ღონისძიება საქართველოს სამხედრო გზასა და გლდანში ჩასახვევი გზის გადაკვეთასთან შუა ზოლში. დანართის სახით ასევე წარმოდგენილი იქნა შპს „...“ საკუთრებაში არსებული #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 1998 წლის გეგმა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი