Facebook Twitter

საქმე #330310015001060102

საქმე Nბს-913-909(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ამ 2015 წლის 7 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 7 ივლისის N3 სხდომის ოქმი მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 14 ივლისის N4 სხდომის ოქმი მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 13 ივლისის N1 სხდომის ოქმი მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ატესტაციის მეორე ეტაპის გასაუბრების შედეგები და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მიიღოს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 აგვისტოს N705 ბრძანება გ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს აღადგინოს გ. გ-ა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობაზე; დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო სრულად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, 2015 წლის 5 ივნისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობაზე მოსარჩელე გ. გ-ასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგები; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის 2015 წლის 7 ივლისის N3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება

გ. გ-ას ნაწილში; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 14 ივლისის N4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელე გ. გ-ას ნაწილში; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 13 ივლისის N1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელე გ. გ-ას ნაწილში; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 აგვისტოს N705 ბრძანება მოსარჩელე გ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გ. გ-ასთან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიამ, რომელებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რომლებსაც უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ივლისის საატესტაციო ფურცლის თანახმად, გ. გ-ას ატესტაციის პირველი ეტაპის შედეგად დაფიქსირდა 43 ქულა, ატესტაციის მეორე ეტაპის შედეგად კი - 1,94 ქულა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის სახით მიეთითა: არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 20... წლის 3 იანვრის N9 განკარგულებით გ. გ-ა დაინიშნული იყო ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობაზე. ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 27 თებერვლის N180 განკარგულებით, ცვლილება შევიდა ამავე აპარატის უფროსის 2006 წლის 3 იანვრის N9 განკარგულებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გ. გ-ა დაინიშნოს ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ... თანამდებობაზე 20... წლის 3 იანვრიდან; 2) განესაზღვროს გ. გ-ას თანამდებობრივი სარგო თვეში 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 აგვისტოს N705 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების ...-ი გ. გ-ა 2015 წლის 14 აგვისტოდან გათავისუფლდა სამსახურიდან.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ გ. გ-ასთან მიმართებაში არ არის დაცული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადეგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი, რამდენადაც მოსარჩელესთან მიმართებაში კომისიის გადაწყვეტილებები არ ეფუძნება ღია, ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. განსახილველ შემთხვევაში, გ. გ-ა, გასაუბრების ეტაპზე, კომისიის წევრთა მიერ შეფასებულ იქნა ინდივიდუალურად, რაც აისახა ინდივიდუალური შეფასების ფორმაში. შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმებით: კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაბელურობა, პროფესიული მიღწევები, ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის (მაგ: სიტუაციური მაგალითი) უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, დამატებით კითხვებზე პასუხები. თითოეული კრიტერიუმი კომისიის წევრთა მიერ შეფასებულ იქნა 1-დან 5 ქულამდე, თუმცა დასაბუთება იმისა თუ რატომ მოხდა თითოეულ კონკრეტულ კრიტერიუმში ამათუ იმ ქულის მინიჭება კომისიის წევრთა მიერ არც ერთ აქტში წარმოდგენილი არ არის. მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია გ. გ-ას დახასიათება, რომელიც გაცემულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის ე. კ-ის მიერ და დახასიათებაში აღნიშნულია, რომ გ. გ-ა არის შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე, გააჩნია მასზე დაკისრებული მოვალეობის სწორად და სწრაფად გაკეთების უნარი. იგივე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ე. კ-ე, როგორც კომისიის წევრი, შეფასების ყველა კრიტერიუმში გ. გ-ას ანიჭებს მინიმალურ 1 ქულას. ამდენად, საქმის მასალებიდან არ იკვეთება რა კრიტერიუმით მოხდა მოსარჩელის პროფესიული დონის შემოწმება, შეფასდა თუ არა მისი უნარ-ჩვევები, ანალიზის უნარი, პროფესიული მიღწევები, სიტუაციის მართვის უნარი, შესასრულებელ სამუშაოს ხედვა და ა.შ. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების მიმდინარეობის სხდომის ოქმი, თუმცა, მოსარჩელის მხრიდან მისი უტყუარობის ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მიერ დადასტურდა, რომ ოქმი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს, არ არის წარმოებული კანონის მოთხოვნათა დაცვით და მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაუბრების ოქმის არაოფიციალური შინაარსი, ურთიერთ გამომრიცხავი შეფასებები, გ. გ-ასათვის სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის გამოცხადებული მადლობა და მუშაობის შედეგში შეტანილი პირადი წვლილის გამო არაერთგზის გაცემული პრემია იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ შეფასების პროცესი ეფუძნებოდა ბუნდოვან, გამოუკვლეველ და დაუსაბუთებელ გარემოებებს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ გარემოებას, როდესაც შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსათვის არის მიუწვდომელი, არ იძლევა სასამართლოს მხრიდან დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, დაცულია თუ არა კანდიდატის შეფასების თავისუფლების ფარგლები, იყო თუ არა შეფასება სათანადო და თანაზომიერი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე