საქმე # 330310014489844
საქმე №ბს-979-975(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ი. თ-ის კანონიერი წარმომადგენელი ა. ლ-ი (მოსარჩელე); 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელე - ინ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინ. თ-მა და ი. თ-მა (კანონიერი წარმომადგენელი ა. ლ-ი) 2014 წლის 30 აპრილს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მოსარჩელე ინ. თ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და მოსარჩელე ი. თ-ის სასარგებლოდ მარჩენალის გარდაცვალების გამო, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩოს - 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ინ. თ-ისა და ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და ი. თ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ლ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ი. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდნენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და ი. თ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ლ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ი. თ-ის კანონიერი წარმომადგენლის ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ი. თ-ის კანონიერი წარმომადგენლის ა. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დაგენილია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20... წლის 22 ნოემბერს გაცემული ალ N... გარდაცვალების მოწმობის თანახმად, კ. თ-ი გარდაიცვალა 20... წლის 30 აპრილს. სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის N119/05/7-1 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ. თ-ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია სასუნთქი გზების გადაკეტვით, მარყუჟის ჩაჭერის შედეგად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მე-13 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე მითითებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა დაიცვას პატიმრის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, რამდენადაც არაერთი შეტყობინების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო ფატალური შედეგის თავიდან აცილება. ამასთან, საქმეზე დადგენილია, რომ მოსალოდნელი ფატალური შედეგის შესახებ კ. თ-ი ატყობინებდა ოჯახს, რაც ადასტურებს ინ. თ-ის იმ განცდების გარდაუვალობას, რაც გამოწვეულია უიმედობაში შეცვალო მოვალეობათა არსებული განვითარება და დაეხმარო საკუთარ შვილს გადარჩენაში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე ინ. თ-ისათვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის დაკისრებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის განმარტებას, რომლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. მითითებული მუხლის საფუძველზე, სარჩოს დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. ამასთან, ზიანი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამდენად, დავის განხილვის ამ ეტაპზე, როდესაც საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის, შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ყველა ასპექტის გამოკვეთა, რაც მოცემულ დროს არ იძლევა ი. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ის კანონიერი წარმომადგენელი ა. ლ-ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე