Facebook Twitter

საქმე # 330310015001052123

საქმე Nბს-1180-1174(კ-17) 13 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. შ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - შპს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. შ-ემ 2015 წლის 7 ივლისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს „...-ის“ მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „...-სათვის“ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 4200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკვივალენტით ლარში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით ზ. შ-ის სარჩელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს „...-ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლისწ 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „...-ს“ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4200 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკვივალენტით ლარში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“ და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-სა“ და საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „...-ს“ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 3500 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკვივალენტით ლარში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. კასატორმა იმავე სამართლოებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. რამდენადაც, დადგენილია, რომ 2014 წლის 7 დეკემბერს, ქედის რაიონის სოფელ ..., ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ...-ე კმ.-ის მონაკვეთში მოძრავი ავტომანქანა BMW, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ზ. შ-ე, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ბათუმიდან სოფელ ... მიმართულებით მოძრავ „მერსედესის“ მარკის მინიავტობუსს, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ი. ა-ე. აღნიშნულ პერიოდში და აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის მოვლა-შენახვის ვალდებულება ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრებოდა შპს „...-ს“. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გზაზე ქვის მასის დაყრის გამო. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №785/ა ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა ავტომანქანების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობების წესების დარღვევის გამო, რაც ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხულთა ჩვენებებით, კერძოდ, როგოც მოსარჩელის, ისე ი. ა-ის მოწმედ დაკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ გზის სავალ ნაწილზე ეყარა ქვები. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ გზის სავალ ნაწილზე დაყრილმა ქვებმა გამოიწვია საავარიო შემთხვევა, რომლის შედეგადაც მიღებული დაზიანებების გამო მოსარჩელის ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია.

ასევე დადგენილია, რომ შპს „...-ს“ ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი №... ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების განხორციელება. ამასთან, კანონმდებლობით საქმიანობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობებში შედიოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ქმედება შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მარტო აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმექმედობაშიც. უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანი. გაუფრთხილებლობა კი გამოიხატება აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევაში. ამასთან, მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს. მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია შპს „...-ის“ მიერ მოვალეობის ჯეროვანმა შეუსრულებლობამ, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა სათანადო კონტროლი. მოპასუხეთა უმოქმედობის, ე.ი. დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობის შედეგად კი, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემთხვევაში ავარია არ მოხდებოდა. საგზაო შემთხვევა გამოიწვია არა მძღოლების მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ, არამედ გზაზე ქვისა და მიწის ნაშალის არსებობამ. კანონით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისთვის მათი ბრალეული უმოქმედობით გამოწვეული ზ. შ-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 3500 ლარის ანაზღაურების დაკისრება განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე