330310015001032341
ბს-815-811(კ-17) 26 აპრილი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“-მ 22.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრისთან არსებული დავების განხილვების საბჭოს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2015წ. N108239 გააწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.04.2015წ. N11425 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.01.2015წ. N108239 გააწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.04.2015წ. N11425 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.06.2015წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. კასატორი აღნიშნავს, რომ 28.01.2015წ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერის მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით ..., რა დროსაც დადგინდა, რომ ლ. პ-ი ახორციელებდა შპს „...“-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (80 ლარის ღირებულების საქონელი, დიზელის საწვავი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. კასატორი არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, იწვევს პირის დაჯარიმებას, ამასთან, საქონელში მოიაზრება ნავთობპროდუქტიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიწერება სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 57.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. ამდენად, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას გამოიწერება სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა და არა სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება არ ექცევა საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286.2 მუხლის მოქმედების სფეროში.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების წესი არ დარღვეულა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ 9750 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტის შეძენისას გაიცა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც მიეთითა, რომ ტრანსპორტირების სახე იყო საცალო, ტალონებით. სადავო არ არის აგრეთვე, რომ აღნიშნული ტალონით გამყიდველმა მოახდინა საცალო მიწოდება და მოსარჩელემ 28.01.2015წ. შეიძინა 80 ლ. დიზელის საწვავი, რაზედაც გაიცა სალარო აპარატის ჩეკი, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად კი №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას, მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს ნსაფ-ი, ამ დროს გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი (58.11 მუხ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტების მართლზომიერების შესახებ და დადგენილად მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტის გადაზიდვა ხდებოდა მოქმედ ნორმათა დაცვით.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერისგან. კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო პალატის განჩინების უსწორობის დამდგენ კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი