Facebook Twitter

ბს-797-793(კ-17) 26 აპრილი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ 10.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართ სატენდერო კომისიის 22.04.2015წ. N38/5 საოქმო გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 18.05.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.08.2015 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შპს „ე…“ და შპს „ლ…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2015 წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2015 წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სატენდერო კომისიის 22.04.2015წ. N38/5 სხდომის საოქმო გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 18.05.2015 წ. გადაწყვეტილება DIS150009546-01 საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

კასატორი მიიჩნევს, რომ იკვეთება ხელშეკრულების დადების მიზნით პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტი. აფიდავიტზე დათანხმებით ტენდერში მონაწილე კომპანია ადასტურებს, რომ კონკურენტთან არ უწარმოებია კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: წინადადების ფასი, შესყიდვის ობიექტის ხარისხი, მოცულობა, ტექნიკური პირობები ან მიწოდების დეტალები და სხვ.. შპს „…“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოადგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი, რომელშიც ასევე მითითებული იყო ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტის შპს „ე…“ შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული ფასების ცხრილი. მიმწოდებლების მხრიდან ამგვარი შეთანხმებული ქმედება მიიჩნევა სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, აფიდავიტის პირობების დარღვევად. შპს „…“ წარმომადგენელმა დაადასტურა შპს „ე…“ - კონკურენტთან კომუნიკაციის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „ე…“ დისკვალიფიკაციის შედეგად მოიხსნა ტენდერიდან, რის გამოც მან შპს „…“ მიმართებით დაკარგა კონკურენტის სტატუსი. აფიდავიტის პირობების თანახმად, შპს „…“ ეკრძალებოდა კონკურენტთან კომუნიკაცია. აფიდავიტის მიზნებისთვის კონკურენტის ცნებაში მოიაზრებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო პრეტენდენტი ან/და წარედგინა სატენდერო წინადადება იმავე ტენდერში. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ შპს „…“ და შპს „ე…“ შორის კომუნიკაციის ფაქტს ადგილი ჰქონდა შპს „ე…“ დისკვალიფიკაციის შემდეგ, ანუ იმ დროს, როდესაც ის აღარ იყო პრეტენდენტი და აღარ ჰქონდა სატენდერო წინადადების წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, კომუნიკაციის განხორციელების მომენტში აფიდავიტის მიზნებისთვის შპს „ე…“ აღარ მიიჩნეოდა კონკურენტად. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ნორმატიული აკრძალვა ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ სუბიექტთან კომუნიკაციის შესახებ, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „…“ კომუნიკაცია შპს „ე…“ ვერ იქნება მიჩნეული არაკეთილსინდისიერ ქმედებად. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ კომუნიკაციის მომენტისათვის სატენდერო დოკუმენტაცია იყო გასაჯაროებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2017წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს.კ. 204428510) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2017წ. N02233 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი