Facebook Twitter

050310116001306603

ბს-902-898 (კ-17) 26 აპრილი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2016 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 05.04.2016 წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ვ. ნ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ვ. ნ-ის სახელზე, ყოფილი სატყეო ოფისის კუთვნილი 505.7 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 09.12.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ვ. ნ-ისათვის, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 2200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მისი დაკვეთით შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანის დავალება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.06.2016 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. ამავე სასამართლოს 06.06.2016წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20.07.2016 წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2016 წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვ. ნ-ს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადაცემული აქვს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც სავარაუდოდ განპირობებულია სარეგისტრაციოდ წარდგენილი, არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით. ნახაზში დაფიქსირებული ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილ საკარმიდამო ნაკვეთის გეგმა-მონაცემებს. ვ. ნ-ის სახელზე აღირიცხა წლების განმავლობაში სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება. საქმის მასალებით დგინდება სადავო ქონების სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე აღრიცხვის ფაქტი, თუმცა სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია, რაც საჩივრის ავტორის აზრით დაუსაბუთებელია. სააგენტო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ნ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სააგენტომ ვერ დაადასტურა ვ. ნ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის არამართლზომიერება, მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ნაკვეთისაგან განსხვავებული ფართის დარეგისტრირება. კასატორს სასამართლოსთვის არ წარდუგენია მტკიცებულება, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე სატყეო სააგენტოს საკუთრების უფლებას დაადასტურებდა, შპს „...“ და საინვენტარიზაციო კომისიის ანგარიშები ვერ ადასტურებენ სატყეო სააგენტოს უფლებას სადავო ქონებაზე, რადგან ამ ანგარიშებში მითითებული მონაცემების წყარო თავად ორგანოა. ამასთანავე, სოფ. .. შესაძლოა მდებარეობს სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონება, თუმცა არ დგინდება მისი ზუსტი მდებარეობა, კოორდინატები, არ დასტურდება, რომ ეს ქონება ვ. ნ-ის სახელზე აღრიცხული ქონებაა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ვ. ნ-ის სახელზე სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია 2000 წლიდან, ამდენად, სარჩელის შეტანის მომენტისათვის პირველადი რეგისტრაციიდან 15 წელზე მეტი იყო გასული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი