Facebook Twitter

# 010310014561263

ბს-905-901 (2კ-17) 26 აპრილი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ.ც-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე, ასევე ლ. ც-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ქ-მა 31.07.2014წ. მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.2014წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 14.07.2014წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2014წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. N5-ში, დამხმარე ნაგებობა ლიტერი „ვ“-ს ვ. ქ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ც-ე, ვ., რ., ა. და ა. კ-ები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.08.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ქ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2017წ. განჩინებით ვ.ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მემკვიდრე, შვილი - ა. ქ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის უფლებამონაცვლის ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.08.2015წ. გადაწყვეტილება, ვ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის(უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი) 11.06.2014წ. N... გადაწყვეტილება, 14.07.2014წ. N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2014წ. N... გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი გადაწვეტილების გამოცემა ვ.ქ-ის (უფლებამონაცვლე ა.ქ-ი) განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ბათუმში, ... ქ. N5-ში დამხმარე ნაგებობის (ლიტერი „ვ“) საკუთრების უფლებით რეგისტრაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.2008წ. კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მოთხოვნათა დაცვით, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ც-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ.

კასატორმა - ლ. ც-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლო საკუთარი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიუთითებს სსკ-ის 1513-ე მუხლს. თავისი არსით აღნიშნული მუხლი საგამონაკლისო ნორმაა და შესაძლებლობას აძლევს ინდივიდუალური სახლის მფლობელებს მოიპოვონ საკუთრების უფლება აღნიშნული ინდივიდუალური სახლის ქვეშ არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე. სადავო შემთხვევაში მიწის ნაკვეთს ჰყავს რეგისტრირებული თანამესაკუთრეები, რომელთაც თანაბარი უფლებები გააჩნიათ მიწის ნაკვეთზე. სადავო ობიექტი (ლიტერი“ვ“) არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან ამავე დროს ამ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის თანამესაკუთრეებიც. სადავო ობიექტი არის ცალკე მდგომი იზოლირებული ნაგებობა. ის არ არის მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი. სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.3 და 14.9 მუხლებს. აღნიშნული ბრძანების 14.3 მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობაზე და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ჰყავს არა ერთი, არამედ რამდენიმე თანამესაკუთრე და აქედან გამომდინარე აღნიშნული ნორმა ვერ გამოდგება ა. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. ზემოაღნიშნული ბრძანების 14.9 მუხლი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც არსებობს შენობა-ნაგებობის ფართობის ცდომილება და განსაზღვრულია ამ ცდომილების გასწორების შესაძლებლობა. საყურადღებოა, რომ ეს მუხლი შეეხება შენობა-ნაგებობის ფართობის დაზუსტებას და არა პირველად რეგისტრაციას, ამავე დროს მასში ნათქვამია, რომ ფართობის დაზუსტებისთვის საჭიროა თანამესაკუთრეთა თანხმობა. თანხმობა მხოლოდ მაშინ არაა საჭირო თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. სადავო შემთხვევაში ალბათობის დაშვება, რომ შესაძლოა ვ. ქ-ის მიერ სადავო ობიექტის მის სასარგებლოდ რეგისტრაცია არ საჭიროებს თანამესაკუთრეთა თანხმობას, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კანონიდან.

კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნლობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაინტერესებული პირი რეგისტრაციას ითხოვს ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ მოიცავს ლიტერ „ვ“-ს. დაინტერესებულ პირს წილობრივი საკუთრება აქვს, ხოლო მიწა არის თანასაკუთრებაში. ვ. ქ-ს არ წამოუდგენია ლიტერ „ვ“-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას დაადასტურებდა. ამასთან არ დგინდება ამ ფართზე ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში ვ. ქ-ის სახელზე აღრიცხვის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე, 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, რამაც საბოლოოდ არასწორი და დაუსაბითებელი გაადწყვეტილების მიღება განაპირობა.

ლ. ც-ემ 22.05.2018წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით. ლ. ც-ემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დავის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც განიხილება ა.ქ-ის სარჩელი ლ.ც-ის შეგებებულ სარჩელთან ერთად. ა. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნაა ქ. ბათუმი, ... ქ.N5-ში მდებარე ლიტერ „ვ“-ს მესაკუთრედ ცნობა, ხოლო ლ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნაა ზემოაღნიშნულ უძრავი ქონების 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობა (საქმე N 2/3098/15).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ც-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ხოლო ლ. ც-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს სადავო ლიტერ „ვ“-ზე გააჩნდა თუ არა ვ. ქ-ს (უფლებამონაცვლე ა. ქ-ი) ინდივიდუალური საკუთრების უფლება, რაც აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ საჭიროებდა მიწის ნაკვეთის სხვა თანამესაკუთრეების თანხმობას. მესამე პირების (მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეების) თანხმობა ვ. ქ-ის განცხადებით მოთხოვნილი უფლების სარეგისტრაციოდ მოითხოვება იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო ობიექტი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას და მასზე მესამე პირებსაც (მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს) გააჩნიათ რაიმე უფლება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.23 მუხლის თანახმად საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, განსაზღვრულია ასევე კოდზე რეგისტრირებული მესაკუთრეების წილობრივი საკუთრებაც, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერით გაურკვეველია თანამესაკუთრეებზე რეგისტრირებული ფართები რომელ შენობებშია განსაზღვრული, შესაბამისად გაურკვეველია სადავო ნაგებობა წარმოადგენს თანასაკუთრების ობიექტს, თუ ინდივიდუალურ საკუთრებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 11.06.2014წ. გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს დაევალა თანამესაკუთრეთა თანხმობის და სადავო ობიექტზე ცნობა-დახასიათების წარმოდგენა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთ პირობებში შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების ცალმხრივად დაკისრება განცხადების ავტორზე არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კანონით დადგენილი ვალდებულებების არსიდან. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარეგისტრაციო ობიექტი, ქ.ბათუმში, ... ქუჩა N5-ში მდებარე ნაგებობა ლიტერი „ვ“, ბათუმის სახალხო სასამართლოს 27.06.1971წ. გადაწყვეტილებით პირადი საკუთრების უფლებით დაუბრუნდა ი. და პ. კ-ებს. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასითების მიხედვით, სააღრიცხვო ბარათის ყდაზე ი.კ-ს, რომლის მფლობელობაც გადაშლილია(გაუქმებულია) აქვს მიწერილი ლიტერი „ვ“. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაზუსტებას საჭიროებდა სადავო ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ მარეგისტრირებელ ორგანოს დაინტერესებული პირის განაცხადის წარდგენის ეტაპზე უნდა დაეწყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკვლია უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის საფუძვლები, კერძოდ ლიტერი „ვ“ წარმოადგენდა სახლთმფლობელობის ობიექტს, რომელზეც ვრცელდებოდა სახლთმფლობელობის წევრების უფლება, თუ ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შეადაროს მასთან დაცული ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ვ. ქ-ის (უფლებამონაცვლე ა. ქ-ი) სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ლ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2018წ. საოქმო განჩინებით დადგინდა, რომ N2/3098/15 სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.08.2015წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ.ც-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, ხოლო ლ. ც-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ც-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. გადაწყვეტილება;

3. ლ.ც-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. მ. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ.ც-ის საკასაციო საჩივარზე 23.08.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.11.2017წ. N32365 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი