Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-269-269(2კ-18) 15 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ა/რ პროკურატურა; მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

2016 წლის 16 თებერვალს ვ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - აჭარის ა/რ პროკურატურის მიმართ მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, უკანონო ბრალდების საფუძველზე განცდილი მატერიალური ზიანის - 5268 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურებისა და ასევე, ადვოკატის იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარისა და სასამართლო ხარჯის - 572 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ პროკურატურას დაეკისრა ვ. ბ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 5268 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 5 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ვ. ბ-ის სარჩელი არ დამაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ პროკურატურამ და ვ. ბ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ პროკურატურისა და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ პროკურატურამ და ვ. ბ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2018 წლის 23 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ვ. ბ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2018 წლის 8 თებერვალს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2018 წლის 1 მარტს იწურებოდა, საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2018 წლის 2 მარტს საქართველოს ფოსტის მეშვეობით, თუმცა საკასაციო საჩივარი შედგენილი იყო 2018 წლის 28 თებერვალს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ვ. ბ-ს დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2018 წლის 19 აპრილს ვ. ბ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით ვ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით.

ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ვ. ბ-ს და ვ. ბ-ის მეუღლეს - ლ. ბ-ს (პ/ნ ...) 2018 წლის 30 აპრილს ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინების ასლი ვ. ბ-ის მეუღლემ - ლ. ბ-მა (პ/ნ ...) 2018 წლის 30 აპრილს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 1 მაისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5_დღიანი ვადა 2018 წლის 7 მაისს 24 საათზე იწურებოდა (შაბათ-კვირის გათვალისწინებით). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი