010310014650136
ბს-869-865(კ-17) 10 მაისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2016 წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ემ, დ.კ-ემ, თ. კ-ემ, ს.კ-ემ 01.12.2014 წ. სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.08.2014 წ. N382 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 24.10.2014 წ. N720 ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელეების მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.08.2014წ. N382 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 29.09.2016წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.03.2016წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოყენებული ჯარიმის გაუქმების შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაჯარიმების ნაწილში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.08.2014 წ. N382 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.08.2014 წ. N382 დადგენილება დაჯარიმების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციად ითვლება შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 კვ.მ.-ზე მეტად, ხოლო ექსტერიერის რეკონსტრუქცია არის ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების, ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების, ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება, მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს. კასატორი თვლის, რომ ქ. ბათუმში ... გზატკეცილის N...-ში მდებარე შენობაზე მოსარჩელეების მიერ დამატებითი ფართის დაშენებით მოხდა შენობისა და ექსტერიერის რეკონსტრუქცია, რაც საჭიროებს სათანადო წესით გაცემული ნებართვის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს ნებართვა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მათ ჩაიდინეს სამშენებლო სამართალდარღვევა.
კასატორი თვლის, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება არ მიიჩნევა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებად, რადგან სამშენებლო პირობების დამტკიცება მართალია ნებართვის მისაღებად აუცილებლად გასავლელ სტადიას წარმოადგენს, თუმცა მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ ნებართვაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ პირს უნდა მიეცეს გონივრული ვადა და რეალური შესაძლებლობა დარღვევის გამოსწორებისათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მერიაში მიმართვის გზით შეათანხმეს მიწაზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც ნებართვის გაცემის პირველი სტადიაა. ამდენად, ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული ქმედებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2016წ. გადაწყვეტილებაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი