Facebook Twitter

330310014509636

ბს-1033-1027(კ-17) 10 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-ამ 28.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.03.2014წ. №ა13-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის, „ნ.კ-ასათვის გადასახადების დარიცხვისა და სანქციის შეფარდების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 18.03.2014წ. №15624 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.03.2014წ. №7-135 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.05.2014წ. №24040 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.03.2014წ. №ა13-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 18.03.2014წ. №15624 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.03.2014წ. №7-135 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.05.2014წ. №24040 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით საქონლის რაოდენობის ძირითად ზომის ერთეულს სეს ესნ-ის ყველა პოზიციისთვის წარმოადგენს კილოგრამი, მცდარია. ნ. კ-ას მიერ წარდგენილი 03.01.2011წ. №11111-C39 დეკლარაციით მოხდა ფინანსთა მინისტრის №241 ბრძანებით დამტკიცებული სეს ესნ-ით გათვალისწინებული 8 დასახელების საქონლის იმპორტი, აქედან 5 საჭიროებდა დამატებითი ზომის ერთეულის - ცალის მითითებას, რაც ნ. კ-ას მიერ არ იქნა მითითებული საბაჟო დეკლარაციაში.

კასატორი თვლის, რომ საქმის მასალებით დასტურდება სადაო აქტების მართლზომიერება, წერილი რუმინეთის საბაჟო დირექტორატიდან ადასტურებს, რომ რუმინეთიდან ექსპორტირებულია 62 დასახელების საქონელი, 54 029 ევროს ღირებულებით, ხოლო ნ. კ-ამ დეკლარაციაში ასახა მხოლოდ 42 დასახელების, 35 901 ევროს ღირებულების საქონელი. ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი და სარწმუნო მტკიცებულება სწორედ რუმინეთის საბაჟო დირექტორატიდან მიღებული წერილია, რომელიც ადასტურებს საბაჟო დეკლარაციაში მეწარმის მიერ არასწორი მონაცემების მითითებას.

აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, შესაბამისად არსებითად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საქონლის ექსპორტისას და საქართველოში იმპორტისას წარდგენილი ინვოისების ნომრები და გაცემის თარიღები იდენტურია, ასევე იდენტურია საქონლის წონა და საქონლის შეფუთვების რაოდენობები. საქმეში დაცული ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული ინვოისის მონაცემები სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელის მიერ მითითებულ მონაცემებთან, ამასთანავე საბაჟო საზღვარზე ინვოისში მითითებული ოდენობის, ღირებულებისა და დასახელების საქონლის შემოტანა დასტურდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბეჭდით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი უტყუარად არ ადასტურებს ნ. კ-ას მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი