Facebook Twitter

ბს-133-133(2კ-18) 24 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ნ-ამ 18.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ც. ნ-ას ნაწილში ბათილად ცნობისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.09.2012წ. N17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ 05.09.2016წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ნ. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით ც. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 17.09.2012წ. N17/09/01 განკარგულება ც. ნ-ას ფართით უზრუნველყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ.კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის ნაწილში, მოპასუხეებს ც. ნ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ მოპასუხეებს და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ნ-ას მის მიერ ბაჟის სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.04.2017წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვლითა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს მიემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი შუამდგომლობით კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის შემდეგ სამინისტრომ სათანადო შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც გამოიცა სადავო განკარგულება. გასათვალისწინებელია, რომ ც. ნ-ა და მისი შვილი ნ. კ-ა წარმოადგენენ ერთ ოჯახს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან დევნილისათვის ფართის პრივატიზების შემდეგ ხდებოდა მისთვის გასაცემი შეწეობის გაზრდა 22-დან 28 ლარამდე. განსახილველ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო ხელშეკრულების დადებისთანავე სცოდნოდა ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ, რაც ადასტურებს სარჩელის ხანდაზმულობას.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 13.06.2012წ. N1162 განკარგულების თანახმად, დევნილი ოჯახის წარმომადგენლის შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრების ხელმოწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მათი წერილობითი თანხმობა სავალდებულო არ ყოფილა. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმებისას საჭირო არ იყო ც. ნ-ას თანხმობა, რადგან მან ხელშეკრულებით მოიპოვა უფლება ქ. თბილისში, ... ქ. N4-ში მდებარე ფართზე. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების საფუძველზე, რომლის მიღების დროსაც გამოკვლეული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესწავლილი იყო საქართველოს ოკუპირებული ტეიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ცვლილება შეეტანათ სამინისტროს მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში.

კასატორი მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სადავო ხელშეკრულების დადების მომენტში მოსარჩელისა და ნ. კ-ას ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი, ისინი ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებულნი, სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია. კასატორი თვლის აგრეთვე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ც. ნ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების დადების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორთა მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას ც. ნ-ას წერილობითი თანხმობის საჭიროების გამორიცხვის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით ც. ნ-ას უფლებათა შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).

დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების დადების ფაქტის და მისი შინაარსის შესახებ ც. ნ-ასთვის ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ ც. ნ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი