330310016001584800
ბს-1211-1205(კ-17) 17 მაისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა კ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ს-ემ 04.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანის და მოვალეობის დროებით შესრულების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2016წ. ბრძანების, „მოვალეობის დროებითი შესრულების შეწყვეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის 26.09.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2017წ. განჩნებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2017წ. გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. განჩინებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2017წ. გადაწყვეტილება, რაც კ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებლად. მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ კონკურსში, სადაც მისი კანდიდატურა დადებითად შეფასდა და გაეწია რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ... რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნასა და კრიტერიუმს, რაც საჭირო იყო მოცემული თანამდებობის დასაკავებლად, თუმცა მისი დანიშვნა არ მოხადარა. მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ფორმალურად მისი გათავისუფლება კანონიერია, თუმცა ბუნდოვანია, კონკურსის დადებითად გავლის მიუხედავად, რატომ არ დაინიშნა თანამდებობაზე. კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ განცხადების დაწერისას მოსარჩელეს გააჩნდა მოლოდინი, რომ ორგანო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. კ. ს-ის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, პროცესისი გამჭირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით უნდა გამოერიცხა თვითნებური, მიკერძოებული და არაობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. ს-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 25.8 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილების განკარგულებაში და დაეკისრა მოვალეობების დროებით შესრულება. შესაბამისად, მისი მოთხოვნა „თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანის და მოვალეობის დროებით შესრულების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 24.05.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მან თავად გამოხატა ნება კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე. რაც შეეხება „მოვალეობის დროებითი შესრულების შეწყვეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის 26.09.2016წ. ბრძანებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული წესის 34.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა ოთხი თვე. აღნიშნული ვადის გასვლა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია „წესის“ 35.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სპეციალური საკონკურსო კომისიის 11.07.2016წ. გასაუბრების სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა რვა კონკურსანტი, მათ შორის, კ. ს-ე. კომისიის გადაწყვეტილება, „წესის“ თანახმად, სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კ. ს-ეს არ გაუსაჩივრებია მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ჩატარებულ სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი