# 330310017001787999
ბს-33-33(2კ-18) 24 მაისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ამ 02.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.01.2017წ. N2-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ნ.ჩ-ას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2017წ. გადაწვეტილებით ნ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.01.2017წ. N2-კ ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადსმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო სარჩელი ნ. ჩ-ას სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ ჩ-ამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩნებით ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა - ნ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი. აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებლობა განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში არსებობს, კერძოდ როდესაც სასამართლოს თავად არ შეუძლია ან ვერ ხერხდება სასამართლო წესით იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც აუცილებელია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესაფასებლად. სასამართლოს სათანადო მტკიცებულებების გამოთხოვით შეეძლო შეეფასებინა თუ რა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები და ფუნქციური დატვირთვა გააჩნდა დამატებულ საშტატო განრიგზე დასანიშნ კადრებს და შესაბამისად შეეფასებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება ნ. ჩ-ასთან მიმართებით.
კასატორმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამინისტროსათვის მასზე დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების ეფექტურად შესასრულებლად განხორციელდა სამინისტროს სისტემის ოპტიმიზაცია. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სამინისტრომ სრულად შეაფასა საქმის გარემოებები და მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ნ. ჩ-ას მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმებულია და იგი ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ხოლო მთავარი სპეციალისტის ფუნქციები გადანაწილდა დანარჩენ თანამშრომლებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით შრომა თავისუფალია, ხოლო 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ შტატების შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებეზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება, იმდენად რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, უნდა დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და მისი მიღების აუცილებლობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... სამმართველოში კადრების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საკითხის შესწავლა აკმაყოფილებდა თუ არა ნ. ჩ-ა დეპარტამენტში დამატებულ რომელიმე საშტატო ერთეულისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საქმეში არსებული სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის 02.02.2017წ. N14/59 და N14/58 ცნობებით დასტურდება, რომ ნ. ჩ-ამ 2015 წლის 25 და 26 აპრილს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საატესტაციო გამოცდაზე მიიღო მაქსიმალური შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს თითოეული მოხელის პროფესიონალიზმი, შრომითი უნარ-ჩვევები, კომპეტენტურობა, პირადი თვისებები, კოლეგიალურობა, კრეატიულობა, თანამშრომლობის უნარი, რეპუტაცია და სხვა გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გარემოებების სათანადო გამოკვლევის დავალების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი