Facebook Twitter

ბს-1213-1207(2კ-17) 17 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 31.10.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჩ-ემ 06.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.06.2016წ. N1362064 ბრძანების ბათილად ცნობა და ზ. ჩ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყეტილებით ზ, ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.06.2016წ. N1362064 ბრძანება ზ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც ზ. ჩ-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინებით ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.05.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა - ზ. ჩ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისათვის. საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ 07.05.2016წ. ქ. ონში არსებულ რესტორანში ზ. ჩ-ესა და პ. ბ-ს შორის რაიმე უსიამოვნებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, აგრეთვე თავად პ. ბ-მა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსარჩელე არის მისი მეგობარი, რომელიც 07.05.2016წ. რესტორანში გახდა შეუძლოდ, რის გამოც გაიყვანეს გარეთ და აღმოუჩინეს დახმარება. შეხლა-შემოხლასა და ინვენტარის დაზიანებას უარყოფს რესტორნის დირექტორიც. კასატორი თვლის, რომ მოპასუხისათვის გარემოებების გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემის დავალება არასწორია, რადგან რესტორანში მყოფი ყველა პირის ხელახალი გამოკითხვის შედეგად ვერ გაბათილდება დაკითხული პირების ჩვენებები. ამასთანავე, საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ს. ჩ. არ ასახელებს ინფორმატორს და აცხადებს, რომ არ ფლობს ზუსტ მტკიცებულებებს მის მიერ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

კასატორმა - საქართველოს შიაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ არის სადავო აქტის გამოცემისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად შეუსწავლელი. მაღალი ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე, პოლიციელის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ სტანდარტებს, მიუხედად იმისა, ასრულებს თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობებს. გადაცდომა, რომელიც ზ. ჩ-ემ ჩაიდინა უმძიმესია და ლახავს სამინისტროს ავტორიტეტს. ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სასჯელი - „სამსახურიდან დათხოვნა“ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების გამო. ზ. ჩ-ეს ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, შესაბამისად, მისი ქმედებები სამაგალითო უნდა ყოფილიყო თანამშრომლებისთვისაც. ქვედა ინსტაციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ „პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.“ კასატორმა აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ზ, ჩ-ე არ უარყოფდა, რომ რესტორანში ყოფნის დროს ხუმრობით შეიგინა. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულზე მიუთითებდა პ. ბ-იც. ზ. ჩ-ესა და პ. ბ-ს შორის კამათის ფაქტს ადასტურებდნენ გენარალური ინსპექციის მიერ დაკითხული სხვა პირებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და დაცულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ ცალსახად დაირღვა „საქართვეოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების 2.2 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასამხედროებული სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა. საჯარო ინტერესების დაცვის განხორცილებისას სამინისტრო დიდ ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლების კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც უნდა თავსდებოდეს ზნეობრივ ჩარჩოებში და არ უნდა ლახავდეს სამინისტროს ავტორიტეტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინირო წესდების“ 4.10 მუხლის თანახმად დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ამავე წესდების 2.2 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხიმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს მოხელის მიერ ჩადენილი ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ასევე, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში გამოკითხული პირების ნაწილი ადასტურებდა ზ. ჩ-ესა და პ. ბ-ს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს. თუმცა, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულმა ყველა პირმა უარყო რაიმე კონფლიქტის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ უტყუარად ვერ იქნება მიჩნეული სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინება;

3. ვ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 19.12.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი