ბს-130-130(კ-18) 24 მაისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ჭ-მა 21.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 30.12.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ტ. ჭ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებით ტ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 30.12.2016წ. ბრძანება ტ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. ჭ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2017წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდავის სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. ტ. ჭ-ს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ჰქონდა ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 18.09.2013წ. N4651 კონტრაქტი. 18.11.2016წ. დისციპლინური ოქმის თანახმად, 17.11.2016წ. 23:57 საათზე სამხედრო ნაწილში ტ. ჭ-ს დაუდგინდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, ალკოჰოლური თრობა 0.514% პრომილე. კასატორმა აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44.1 მუხლის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამავე წესდების მე-12 და მე-13 მუხლებიდან გამომდინარე, წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისას საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის - ტ. ჭ-ის მიმართ ვრცელდება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვერ გამოიყენებდა დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორმა აღნიშნა, რომ სამსახურში (სამსახურის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში) ალკოჰოლური სასმელის ზემოწმედების ქვეშ ყოფნა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია, რადგან სამხედრო სამსახური არის სპეციფიკური და მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ შემთხვევაში მოსამსახურე ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არასამუშაო საათებში დაუდგინდა დისციპლინური გადაცდომა, არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას. ამასთანავე, სასამართლოს ამგვარი მიდგომა წაახალისებს სხვა სამხედრო პირებსაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ტ. ჭ-ი 17.11.2016წ. 11:00 საათიდან იმყოფებოდა დათხოვნაში. ამავე დღეს, 23:57 საათზე, მოსარჩელეს სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დაუდგინდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44.1 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია ვერ გავრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც იმყოფება დათხოვნაში. დადგენილია, რომ ტ. ჭ-მა ვერ შეძლო თბილისში გამგზავრება და იძულებული გახდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაბრუნებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ პირობებში დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება არ არის მართებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი