Facebook Twitter

ბს-1123-1117(კ-17) 17 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი/მ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ ზ. ჭ-ემ 27.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2015წ. N4175 ბრძანების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის 08.01.2015წ. საჩივრის განხილვის დავალების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში 09.09.2015წ. წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.06.2015წ. N21300 ბრძანების ბათილად ცნობა და ი/მ ზ. ჭ-ის 08.01.2015წ. საჩივრის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2016წ. გადაწყვეტილებით ი/მ ზ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სააპელაციო პალატის 18.07.2017წ. სხდომაზე ი/მ ზ. ჭ-ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.02.2015წ. N4175 ბრძანების, 16.06.2015წ. N21300 ბრძანების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2017წ. გადაწყვეტილებით ი/მ ზ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩვირდა ი/მ ზ. ჭ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მას არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 16.02.2015წ. ბრძანების შესახებ მან შეიტყო მხოლოდ 11.08.2015წ., მას შემდეგ რაც ჩაიბარა საგადასახადო მოთხოვნა. ზ. ჭ-ეს რომ ჩაბარებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 16.02.2015წ. ბრძანება, იგი შეძლებდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას, რაც გავლენას მოახდენდა გადამხდელისათვის დარიცხული თანხების ოდენობაზე. კასატორს არ ჰქონდა ინფორმაცია დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 15-დღიანი ვადის მიცემის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.02.2015წ. N4175 ბრძანება 18.02.2015წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს, ზ. ჭ-ის მეუღლეს ე. ხ-ს. აღნიშნული გარემოება უტყუარად დასტურდება საქმის მასალებით, მითითებულ ფაქტს არც მოსარჩელე უარყოფს. იგი აღნიშავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.02.2015წ. N4175 ბრძანების შესახებ, თუმცა არ უთითებს ბრძანების არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების დამადასტურებელ გარემოებებზე, ვერ ასაბუთებს 16.02.2015წ. N4175 ბრძანებით დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრული 15-დღიანი ვადის განსხვავებული მომენტიდან ათვლის მართლზომიერებას. საგადასახადო კოდექსის 44.6 მუხლის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს („გ“ ქვ.პ.). კასატორს არ დაუსაბუთებია განსახილველი შემთხვევის მიმართ დასახელებული ნორმის გამოყენების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი/მ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2017წ. გადაწყვეტილება;

3. პ. ჭ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი