#ბს-311-311(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 იანვარს ნ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ... ჯგუფის სპეციალისტის (კომენდანტი) ნ. გ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის #21004 ბრძანებისა და შსს კადრების განყოფილებაში მყოფი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ... ჯგუფის სპეციალისტის (კომენდანტი) ნ. გ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის #1040955 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნ. გ-ას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. გ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის (710 ლარის) და დანამატების/პრემიების მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად ანაზღაურების დავალება, აგრეთვე, მოსარჩელე ნ. გ-ას დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნ. გ-ას სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მის მიმართ დისკრიმინაციაზე მიუთითებდნენ, არ მისცა მათ სათანადო შეფასება და არ გამოიყენა ისინი საქმეში არსებული გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის, კერძოდ, კასატორის მითითებით, მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ი. გ-ფ-მ დაადასტურა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში პრეტენზია გამოთქვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის #739 ბრძანებით დამტკიცებული სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა და მის შემდგომ იმავე ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებით, გაწერილია სამმართველოს კომენდატის კომპეტენცია. საშტატო ნუსხის თანახმად, ... ჯგუფის თანამდებობათა რაოდენობა ს/მ 7-ს შეადგენდა, ხოლო ახალი საშტატო ნუსხის თანახმად კომენდატი იმავე ფუნქციებით, სამუშაოს იმავე აღწერილობით გადაყვანილ იქნა უზრუნველყოფის ჯგუფში. შესაბამისად, კასატორის მითითებით, არ მომხდარა არც ახალი განყოფილების შექმნა და მით უფრო ახალი შტატების ჩამოყალიბება. განყოფილებას მხოლოდ სახელი გადაერქვა, რაც, ბუნებრივია, მისი ახლად შექმნის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.
ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სენაკის კომენდატის შტატი გაუქმებულ იქნა, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოშივე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა გარემოება, რომ ყველა კომენდატი (12 შტატი) შედიოდა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სამსახური იმავე ფუნქცია-მოვალეობებით ჩამოყალიბდა სხვა სამმართველოს დაქვემდებარებაში, შესაბამისად, სენაკის რაიონულ სამმართველოში თანამდებობის გაუქმება ნიშნავს, რომ შტატი აღარ არსებობს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ..., მ. ჯ-ას, დაევალა სამმართველოს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მაშინ როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 მარტის #649868 ბრძანებით დამტკიცებული სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებებისა და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილების შესახებ დანართში მსგავსი რამ მითითებული არ არის და თანამდებობრივ ინსტრუქციაში უბნის ინსპექტორ გამომძიებელს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება არ ევალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის #21004 ბრძანების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ა გათავისუფლებულ იქნა დაკავებული, კერძოდ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ... ჯგუფის სპეციალისტის (კომენდანტი) თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა შსს-ს კადრების განკარგულებაში, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის #1040955 ბრძანების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ნ. გ-ას მიერ სასარჩელო განცხადებით, აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნ. გ-ას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. გ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის (710 ლარის) და დანამატების/პრემიების მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად ანაზღაურების დავალება, ასევე მოსარჩელე ნ. გ-ას დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნ. გ-ას სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ას დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ ასეთი მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხული პირის ახსნა-განმარტებითაც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც ნ. გ-ა დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, იგი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილ იქნა სამსახურში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ეს ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობის პირობებში, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან შემდგომში გათავისუფლების შესაძლებლობას. რაც შეეხება მოწმის მიერ გაკეთებულ დაუსაბუთებელ განაცხადს, რომ ნ. გ-ა მოითხოვდა თანამდებობაზე დარჩენას კიდევ 1 წლით, საპენსიო ასაკამდე მიღწევამდე ვადით, რაზეც იგი უარს იღებდა სქესის ნიშნის გამო, ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, ამასთან, ამ ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი თავად მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა სპეციალისტის (კომენდანტის) თანამდებობა, კერძოდ, ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) თავისი თანამდებობებით, მათ შორის ... ჯგუფის სპეციალისტის (კომენდანტი) თანამდებობა. შესაბამისად, სახეზე იყო ნ. გ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში კვლავ შეიქმნა ის თანამდებობა, რომელიც მას ჰქონდა დაკავებული. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის (სამმართველო), მათ შორის მასში შემავალი ... ჯგუფი, თავისი საშტატო ერთეულებით მთლიანად გაუქმდა. ამდენად, ის თანამდებობა, რომელიც ამ ჯგუფში მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, აღარ არსებობდა. დადგენილია, რომ უზრუნველყოფის ჯგუფი თითო საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში, ხოლო სენაკის რაიონულ სამმართველოში ასეთი თანამდებობა არ ჩამოყალიბებულა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მ. ჯ-ას მიერ ნ. გ-ას მსგავსი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მუშაობის პერიოდში მ. ჯ-ას მოსარჩელის - ნ. გ-ასათვის დაკისრებული მოვალეობებისაგან განსხვავებული ფუნქციები დაეკისრა. ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ ნ. გ-ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი